მეცხრე სასჯელი


იცი როგორი ღამეა ახლა ?
აბა, თუ შესძლებ _ ბნელი გასჭერი .
თითქოს მოწყენის ფარაონი ვარ
და მტანჯავს მოსეს მეცხრე სასჯელი .
შიშველ ტოტებით მთვარე ქსოვს სიზმარს,
მე კი, გრძნობებს ვქსოვ სიტყვის დაზგაზე...
ვერ დავიჭირე ტატოს მერანი,
რომ გავეფრინე ზეცის ვარსკვლავზე .
მე ისე ვწერე, როგორც შევძელი,
გული მომიჩანს, 
მკერდს ისე ვიხსნი
კვლავ აჩქარებულ ნაბიჯით დადის
და დაწანწალებს ძარღვებში სისხლი .
ჩემო ძვირფასო, შენ, ალბათ იცი,
ან უფრო სწორედ, ხო, შენ რა იცი;
როგორი რთული ხდება ცხოვრება,
ლექსის კოცონზე თუ კი დაიწვი.
ღამე ვარსკვლავთა ყელსაბამს იხსნის,
ალაზანივით მეხვევა ნისლი.
ცაა _ ვარსკვლავით ნაყვავილარი
მე ჩემს სიყვარულს _ ლექსებად გიხსნი.
თუ პოეტი ხარ _ უნდა ბორგავდე
როგორც არაგვი, როგორც ცა _ სეტყვით
და კალმისტარი უნდა გეჭიროს,
როგორც თვით მოსეს ეჭირა კვერთხი !
მართლა მოწყენის ფარაონი ვარ,
სიტყვამ ღამესთან ბევრი იშარა
და გული დამრჩა, როგორც დამშრალი
და გატეხილი სისხლის ნიჟარა ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი