დაბადებამდე


მე ერთ დროს მერქვა მარადისობა...
და არ ვიცოდი მაშინ ცდუნება.
ვმოგზაურობდი გალაქტიკებში
ატომებად და მოლეკულებად
და სახრჩობელას არ მიმზადებდა
ჩემი კაცური, სუსტი ბუნება.

არ მადარდებდა სიღრმე გრძნობების,
მე ვარსკვლავებში ისე ვესახლე...
არ მადარდებდა მიწა, რადგანაც
მე არ ვიცოდი მიწის შესახებ.

ფეხს ვაბიჯებდი ციურ სხეულებს
და გავრცობილი ყველგან ვიყავი.
რადგან სიყალბე ჩემთან არ იყო _
არ მჭირდებოდა ერთი ნიღაბიც.

მე არ ვიცოდი, მაშინ ტკივილი,
არ მქონდა გულში გრძნობის სიმები,
ვერ მაშინებდა, ვერც მაშფოთებდა,
მეტეორის და ცეცხლის წვიმები.

და მერე უცებ...კაცად გარდამქმნეს...
მე არ მინდოდა...თუკი ჩაწვდებით...
ჩემი წყეული გული ვინ მომცა!
სული _ პირთამდე სავსე განცდებით.

სული _ მთლიანად სავსე გრძნობებით,
ჰო, გულისგულში ბევრჯერ მიჭირდა.
არა ვნებდები, ალბათ უაზროდ,
დამტვრეულ სულსაც ვკრეფავ მიწიდან.

ვისვრი ტკივილის შორისდებულებს
და ზურგი მტკივა ჯვრისგან ნაჟეჟი.
და სულის სისიხლი მომდის ყოველთვის,
სისხლი, სხეულის სისხლზე საშიში.

მინდა, რომ ნოეს წარღვნამ წამიღოს.
ის დღეა _ თავი აღარ მეცნობა.
ვერ შეაკავებს თვალის ჯებირი,
დღეს ამ მოვარდნილ ცრემლებს ლენცოფად.

ატომებად და მოლეკულებად
ვცხოვრობდი, მქონდა ღრუბლის ბალიში...
ღმერთმა დასწყევლოს ჩემი გრძნობები!
_ჩემი გარდაქმნა კაცის ყალიბში!

მე ერთ დროს მერქვა მარადისობა
და არ ვიცოდი მაშინ ცდუნება.
ვმოგზაურობდი გალაქტიკებში,
ატომებად და მოლეკულებად
და სახრჩობელას არ მიმზადებდა
ჩემი კაცური სუსტი ბუნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი