გადამისამართება სიცოცხლესთან
შორს მთა დააჯდა მიწას კუზივით, მთა - მონაზონის მცირე კელიით. დილის თითებში ასანთს გაჰკრეს და... დაფრთხა სიბნელეც რუხი მგელივით. ცა იებივით მაყრის სილურჯეს, სულზე სიმშვიდეს წამცხებს მალამოდ. თითქოს, შედგაო სისხლის მდინარე და აღარ მინგრევს გულის კალაპოტს. ცა იებივით მესვრის სილურჯეს, მზეც კი აყვავდა ცეცხლის ყვავილად. რაღაცნაირად , გათბა გარემო, ხო, დილაც გათბა, რაღაცნაირად. ცა იებივით ფანტავს სილურჯეს, რაღაცნაირად, მზეზე მაღლიდან. ფოთლებიც გვანან მფრინავ ხალიჩებს, გადმოფრენილებს სპარსულ ზღაპრიდან. თვითმკვლელობამდე წვეთი დამაკლდა გუშინ და მიკვირს, დღეს რომ ვიმორცხვებ რაღაცნაირად გული გამითბა რაღაცნაირად, კვლავ მსურს სიცოცხლე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი