იასამნები
გაწყდა აორტიდან ლექსის არტერია, რითმები სიკვდილს გაუწოდა. სულიდან მცვიოდა იასამნები და სულში იასამნებს რა უნდოდა. ცა ჩინურ ლარნაკს ჰგავდა და დაიმსხვრა, სიბნელე მიწისკენ გაიტოტა. თვალებში ვეძებდი მიმქრალ მზეს და თვალებში ან მიმქრალ მზეს რა უნდოდა. ვაი, რომ უფერო სულს რწმენა არ შერჩა, ვერ დავრგავ იმედის ალიანდრებს, მე ახლა თეზევსი ვარ, დარდის ლაბირინთში, ეგ ძაფის გორგალი მომეცი, არიადნე, რომ მოვკლა მინოტავრი და უკან გამოვიდე და დავსვა გიგანტური წერტილი. რომ დედამიწის ტბებიდან გაფრინდეს, სული უთეთრესი გედივით. გაწყდა აორტიდან ლექსის არტერია, რითმები სიკვდილს გაუწოდა. სულიდან მცვიოდა იასამნები და სულში იასამნებს რა უნდოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი