ნოეს კიდობანი
ბოროტების გაქრობა თუ სურდა უფალს: საშინელის, სისხლისფერის, იდუმალის... მაშინ უნდა სხვებთან ერთად იმ წარღვნისას, დაემტვრიათ თავად ნოეს კიდობანიც. რადგან სანამ კაცს სიცოცხლე უწერია, ბოროტება არ მოკვდება დამიჯერე. შენ კი, ღმერთო, სხვა აზრის ხარ ამ თემაზე? ცაზე ღრუბლით გამოძერწე... დამიწერე... ვდგევარ შენ წინ ღია თვალში კითხვის ნიშნით, შენს ხატებთან, ამ ფერმწერის ნახატებთან. ხო, მშვიდობა არ ეწერა დედამიწას. ცისარტყელა? ცრუ მშვიდობას ღაღადებდა და კაენის ცოდვა მიყეფს ბნელ ქუჩებში, ამ გიჟებში გზა და ფიქრი ამერია. ხო, არ ვიცი, ჩემი სახით შენ წინ ვინ დგას, აბო არის?.. კაენი, თუ აბელია?... დედამიწას დედა როგორ დავუძახო, შვილის მკვლელი დედა, იქნებ, ვინმემ ნახა? თუ არ გჯერა, საფლავებზე გაგახედებ, ას სამარეს დაუღია ასი ხახა. დედამიწა ჩვენს ჩაყლაპვას ელოდება, ნუ მომაყრით ისევ თვალში მუჭით ნაცარს. რისი დედა? ანდა რისი დედამიწა? დედამიწა უფრო მოჰგავს _დედინაცვალს. წელში მოხრილ კაცს კი არა_ კითხვის ნიშანს უფრო ვგავარ. დგება სევდის ქარაშოტი. სიკვდილი რომ დეზდემონა ყოფილიყო, გეფიცები, ოტელომდე დავახრჩობდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი