გზავნილი გულის გალაქტიკიდან


სულზე კუზი მაქვს ამოსული, ტკივილი ჰქვია,
მე მძულს ვაჭრები და ბინძური სულის “ნოქრები”
მათ სურთ მესროლონ უამრავი ბერდანის ტყვია,
თუმც ვერ მომკლავენ ერთი ბასრი ხმალის მოქნევით.
ყველა ცხოვრების ცეცხლმოდებულ ბოინგში ვსხედვართ,
თვალის ფანჯრებში სევდის ფარდა გვიჩანს გაჩრილი,
ეს მე ვარ, სადაც იბადება საშინელება,
ჩემში ხმაურობს მილიონი ღამის აჩრდილი.
მატადორი ვარ და სიკვდილის ხარი დგას ჩემ წინ,
კეთილ წიქარას ის არა ჰგავს, მიჩენს იარებს.
მალე სიბრაზით წამომაგებს ალესილ რქაზე,
ხოლო პუბლიკა აღტაცებით დაიღრიალებს
და ანდერსენის ზღაპარივით დამრჩება ცრემლი...
თუმც სიცოცხლეში ყველა ვფიქრობთ, რაღაც იქითკენ,
რომ ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია სულის ანბანი	
და მას დავეძებთ, ვინც ამ ანბანს ამოიკითხავს.
A და B პუნქტი, არის მუდამ სიკვდილ-სიცოცხლე,
მთვარე ხალია მოხატული იესოს ფრთაზე.
მე რელსებს შორის ამოსული ყვავილი მქვია,
ფოთლები მითრთის მატარებლის გუგუნის ხმაზე.
ვნახე მოწყენით დამტვერილი მთელი სამყარო,
პოეტიკა და ესთეტიკა _ ეს გახდა წესი.
კალამს ავიღებ _პოს ყორანის სისხლიან ნისკარტს,
ეს შინაგანი მსხვრევა უნდა ავსახო ლექსით...
ჩვენ გვჯერა ღმერთის, 
ღმერთს არ ჯერა _ადამიანის,
მოვიდა ეშმა, ოცდაათი ვერცხლით მოგვქრთამა.
ამ კავკასიონს დააკვირდით ღმერთი ავადობს,
კავკასიონი არის ღმერთის კარდიოგრამა.
მე სიხარული დავატყვევე სულის უჯრებში,
ჩემი ფიქრები მიქცევაა... მძიმე ფონია...
ამდენ სისხლძარღვში, 
კაპილარში და უჯრედებში,
მოძრაობს სისხლი, ამ სიცოცხლის ბუტაფორია.
ვილაპარაკეთ: რითმებზე და მეტაფორებზეც,
ჰიპათიაზეც... თალესზეც და სხვებზეც ვიზრუნეთ...
ვილაპარაკეთ ტვინის ყველა გალაქტიკაზე,
ვერ დამიმშვიდეს სულის კალთა ჩამონისლული.
ჰამლეტის მამამ შეისწორა ღამის საყელო,
მე ეს გამანდო ამ სიცივემ მტვრიან სარკეთა....
გულის ვარსკვლავის გარშემო ვგრძნობ ჯუჯა პლანეტებს:
ტკივილს, მოწყენას, სიკვდილსა და სასოწარკვეთას.
და მსურს დაინგრეს კედლებივით იერიხონის
ეს გალაქტიკა. მრისხანედ ვხევ მელნიან რვეულს.
გულის ვარსკვლავო, გთხოვ იფეთქე ისე საშინლად,
სისხლის წვეთების კომეტები ფლეთავდნენ სხეულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი