კახთ ბატონი


კახთ ბატონო! დროა ხმალმა ძილი მოათაოს,
ხმა დაირხა, ნურსალ–ბეგი ყვარელს მოადგაო...
ის გიპირებს, მიმოლეწოს ქართლის მძლავრი ბჭენი,
მეფევ, დღესაც გიღალატებს გრაფი- ტოტლებენი!
კახთ ბატონო! ქართლზე მოდის მტერი ვერაგი,
ვარსკვლავებით კვლავ მოირთე ჯაჭვის პერანგი.
რომ „პატარა კახისათვის“  
მტერი გახდეს -მტვერი,
განჯასა და ერევანშიც ფიცხი ბრძოლა გელის. 
ატოცთან და კრწანისთანაც გიჩანს ფიცხი ომი,
თუმც იციან,
შენ ხარ მეფე, ღმერთთან მარჯვნით მდგომი.
„პრინც ერეკლეს“ ხომ შეგარქვეს „აშვებული ლომი“
შეგარქვეს და დაიჯერეს,
სიკვდილს სჯობნი- ბებერს...
შენით დარჩა მოხიბლული თვით პრუსიის მეფე.
ლადოსავით მე კრწანისში 
შენს სისხლს ვჭვერდი წინათ
და თელავის ბებერ ჭადარს შენზე ვკითხავ ხშირად.
მეტყვის,_ იქვე მიიცვალე, დარდსა გრძნობდი შიგნით....
ნადიკვრიდან მოვა ქარი-
ქარი -შენი ფიქრი.
შენც ცოცხლდები... ღმერთის დღეა
და თენდება კვირა...
იჩოქებ და ოქროს ბარძიმს სვეტიცხოველს სწირავ...
მერე შენვე ხალხს გვიამბობ, _
როგორ აათრია...
მდინარეში ქანცგაცლილი ცხენი ჩაგვარდნია.
ვაჟკაცურად აღიარებ, არ გიგრძვნია შიში,
გული ჩემთვის უძგერდაო- პაპა ბებურიშვილს...
და რძისფერი ნისლი ციდან,
კავკასიონს ფარავს,
ქარი ღრუბლებს ერეკება_შავი ცხვრების ფარას.
გმირო მეფევ, შენ არ გქონდა ყოფა იოლიო,
დღეს მცხეთაში, შენს ძვლებს დასდით წმინდა მირონიო.
ჩვენზე ფიქრით, ალბათ, არ გაქვს იქ სიმშვიდე სრული....
ქართველებმა შენ შეგარქვეს -საქართველოს გული.
ამიტომაც, კახთ ბატონო! ის მინდოდა მეთქვა,
რომ „პატარა კახი“ გქვია და მიწაშიც ფეთქავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი