ბოლო გვერდი


ეს ბავშვი ხურდებს მემათხოვრება, 
ღამდება, ზეცა ვარსკვლავებს ახელს.... 
წინ აქლემივით მიდგას ცხოვრება 
და იცოხნება ჩირქიან ნაღველს. 
ვრჩები რომანის ბოლო გვერდივით 
და ვესალმები უკვე სამარეს, 
ეოსი ძვრება ფანჯრიდან,ჩემკენ, 
ვარდისფერ თითებს თმებში მაპარებს. 
გამომაღვიძებს სიცხადის ელდა, 
მტვრიან სარკის წინ ვფიქრობ: ,, ვინა ვარ?"
სევდა მეძგერა მარტორქასავით 
და დედამიწა ამიყირავა... 
ჩემს შიგნით ვერ ვგრძნობ ჭეშმარიტებას, 
მე ვგრძნობ, ინგრევა რაც გულით მსურდა,
იესოს ზურგზე შეახმა ჯვარი 
და ლეღვის ძირში მომკვდარა ბუდა. 
ღმერთო, შემინდე, რომ იმ ბავშვისთვის, 
არ აღმომაჩნდა ჯიბეში ხურდაც, 
ნაჭრის ხეღა ვარ.ნაგვირისტები, 
ვიღაცამ შავი ჩლიქით დამტკეპნა, 
მე ევერესტის ჩრდილში ვიზრდები 
და ამიტომაც მზე არ მადგება. 
სულ იმას ვნატრობ, იკარუსის ფრთებს 
ავყვე ზეცაში და მოვწყდე მიწებს, 
რომ შენ ქათქათა,ლამაზ ღრუბლებში 
გაუკვალავი თოვლივით იწვე. 
თუ მოხვალ, მარტო ჩემში მოხვიდე, 
ფრთა აუწეწო ჩემს სულში ჩიტებს,
სულ გავიტაცოთ სხვა სამყაროში 
პირამიდები, რაც სიბრძნეს იტევს_ 
იმ მზეს სხეულში რა სითბოც ჩარჩა, 
სიწითლე, რაც კი, ჩააცვეს ატამს, 
იმ ერთი ვაშლის ცოდვილი სიტკბო , 
რომელსაც ევა უწვდიდა ადამს, 
სულ ჩვენ წავიღოთ და შორს გავფრინდეთ, 
ფრთებზე დავიმსხვრევთ ასწლეულს მრავალს, 
თიხიდან, რასაც სხეულს ვეძახდით, 
სულზე გავიხდით და მაინც გავალთ... 
მე შენ გიამბობ, გინდაც ჩავძაღლდე, 
როგორ ჩამოჰგავს გული მაღაროს. 
რომ ინფექციად შემეჭრა სისხლში; 
მზე, 
მთვარე,
ზეცა... ანუ სამყარო. 
შენც დაგწვას ჩემი სულის კივილმა, 
გინდაც დამტოვო დამჭკნარ ბაღივით, 
ორფეოსივით შენც უნდა მოგვწვდეს, 
მკვდარ ევრიდიკეს ნაზი ძახილი. 
ჩემს სულში არის ქარი მედგარი, 
ძველ თეატრიდან მიმზერს ვერიკო, 
ისევ ვისჯები, თითქოს ედგარის 
იმ „ანაბელ ლის“ მკვლელი მე ვიყო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი