ე ჭ ვ ი
გვიტევს დემონი, როგორც მამონტი, სულში გათელეს ფეხით იები. ადამიანებს აღარ ამოგვდის, მხრებზე ცისფერი ეკლესიები.... ნათელმა იკლო წონაში მკვეთრად, როგორც იყო და არა იყო რამ.... ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, იქნება, ღმერთმა სულ სხვა პლანეტა გამოიგონა და იქაც შექმნა ადამიანის მსგავსი არსება და მასზე ზრუნავს... ჩვენ კი, დაგვტოვა ჩვენი სიავით და დედამიწა უღმერთოდ ბრუნავს... ვიცით,აფრენილ დურაჯებს ვგავართ და ბედისწერა გვისწორებს ლულას. რიღასთვის ვუცდით ჩვენ ნაზარეველს, როგორ არა გვჭამს ეჭვების ფითრი, როცა დავსხდებით და ყრუ სოფლებში ისევ ქარვისფერ წიწილებს ვითვლით... სასაცილოა კაცობრიობა, ვერცხლისმოყვარე უაზრო ბოდვით, დაფუსფუსებენ მტვრიან ბალახზე, ადამის ეჭვით და ევას ცოდვით, მოჩანან ისე, როგორც სანთლები, მტვრიან ჭაობზე მაგრად მიკრულნი და მათ გარშემო მთელი ჭაობი, მთელი სამყარო, ხდება ციფრული, რომელიც დგება სამ ექვსიანზე... ძულთ ცათამბრჯენზე რიცხვი სამეტიც... და ჯოჯოხეთის ყველა დემონი მათ ტვინზე უკრავს, როგორც კლარნეტზე.... რა მოუხეშავ დოქებსა ჰგვანან, გაუცრელ თიხით გამოძერწილებს, ნახევრად გრძნობენ, ნახევრად უყვართ, ბოლოს კი, სვავენ მრავალწერტილებს. მათ მე ვუყვირი: „ღმერთმა დაგტოვათ, თქვენ თქვენი თავი გაგატიალებთ და თქვენს გამართულ ყოველ ნადიმზეც, ნაზარეველი დაიგვიანებს“ თუ კი, მოძებნით ნოეს კიდობანს, რომელიც მადლით რისხვას არ იკრავს. იმ კიდობანშიც წყალი შემოვა, იმ კიდობანშიც შეგჭამთ პანიკა. ღმერთი კი წავა, ვერ დაინახავს, ადამის ცოდვით ტანის ათრევას და ჩაიწვება კაცობრიობა, ეშმაკის რქებზე მიკრულ სანთლებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი