***
თითქოს, დაბიჯ-ნაბიჯ და დარდი სისხლში გამიჯდა, ვერ შევძელი დღისაგან ღამეების გამიჯვნა. წვიმა ღრუბლებს ფერავდა, ბაყაყივით ბერავდა, როცა თეთრი ფურცელი გამივარსკვლავ-მელანდა. იერიშის მიტანით, გატყდა ზეცის ტიტანი, კანიონთან ჩიტი ზის ნამცეცების მზიდავი. მინდა შიშის ბადესთან, სიკვდილების დატესტვა, სიცოცხლე ხომ ისედაც გამისიკვდილ-ჰადესდა. პიერო ზის მთვარეზე, კოლუმბინა- სარკესთან. ტკივილების მარაო, ჩემს წამწამზე ქანაობს, ღმერთს შევთხოვე ეშველა, ასე მითხრა: „არაო“ ფოთლებს ავშლი ზარმაცებს, შავი ნისლი ბარბაცებს, ორი თითით ყელს ვუწევ, მაგრამ ჩემს სულს არ მაძლევს. ქაოსშებში დავრჩები, ვიცი, დავიტანჯები თაროზე დევს, ნასიმი და ნიზამი განჯელი. დღეს მამის სულს ვიძახებ, ტალახიან მიწაზე, კენტავრებმა გამტაცეს სული შავი ტყისაკენ. იმ სულს ვერ დავიბრუნებ, ფიქრით თავს გავიბრუებ, მინდა გრძნობის სიბრმავე და ფიქრების სიყრუვე. მამალივით დამკლავენ, ვიცი ჩემს ძვლებს დახრავენ, გადავწერე ცხოვრება _ ფირდოუსის „შაჰნამე“ ჩემი დროის ვაგონი, წამებს გადავაყოლე, მე ეზოპეს კუზი მაქვს, შეჭრილ ფრთებს მოგაგონებს. მგუდავს ეს სიმჭიდროვე, არც იმედებს მიტოვებ, ჩემი მკრთალი სხეული სამარეში ითოვებს. ირევიან ცხელებით, ჩემი ფიქრის მწერები, „სამრეკლოზე ლანდი ჩანს გაფრენილი ხელების“ მკლავენ გრძნობის გიჟები, საით მეპატიჟები? დღეს წვერივით ამომდის მკრთალ სახეზე შიშები. იმ მთასთან, თუ ამ მთასთათ, ყველაფერი დამთავრდა, მთელი ჩემი სიცოცხლე გამიწვიმ-ფერ-ზამთარდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი