დეკორატიული ყვავილი


თავის ქალით ვთლი ფიქრების ფანქრებს,
და ვიბადები ჩემივ შიშიდან.
ასე მგონია, დღეს უნდა გავქრე,
კაცობრიობის ტაძრის ნიშიდან.
სიკვდილის შუბი მხვდება ნიკაპში,
შავი გრძნობების არ არის ტევაც
და ამოშანთულ ზღვათა გრიგალში,
მე ნიობეა _ მტირალი კლდე ვარ.
ალპების თოვლშიც შენს მზეში ვთბები,
და სასიკვდილო არ მახსოვს რა მჭირს,
სულ მელანდება ეგ შენი თმები,
და პეპლის მსგავსი შენი თმის სარჭი.
მე ამოვყვინთავ უმშვიდეს ტბიდან,
ტირიფები რომ თავებს დახრიან,
ჩვენ ქარიტები გაგვიცინებენ
და მერე ლამაზ ღიმილს დაღვრიან.
გულს სისხლძარღვებიც დააწყდა სულმთლად,
იტირებს ტაძრად დედა მარია,
ზოგჯერ საფლავთა ბორცვებქვეშ ვსუნთქავ,
ხან კი, აფრიკის ცხელი ქარი ვარ.
მე განიმედე ვერ მაიმედებს,
თავისი ღვინით, მეძავ ქალებით.
მე ვარ ამაყი საშინელება
შორს ვიხედები ქორის თვალებით.
ჩემი ცხოვრება არის ბრალული,
ვარ გალაქტიკებს შორის ბორანი,
შენი თვალები გადარკალული,
ჩანს და ზედ აზის შავი ყორანი.
შენ ენატრები, არვის უჯერებს,
შენ ელანდები ამ ბაღებს ყვითელს.
უჟანგბადობით მოკლულ უჯრედებს,
ჩემს თვალებს -მქრქალი მინის ფირფიტებს,
მე მიმძიმს ჩემი ხარის უღელი,
მიმძიმს საშინლად, მიმძიმს ძალიან,
დეკორატიულს ვგავარ ვუგენვილს,
არცა ვჭკნები და არც ცოცხალი ვარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი