გაცვეთილი ფირფიტა
რა ვუყო, რომ შენც სიზმრები დაგითარსე, ციდან მიმზერს კვლავ ტარსელი პელაგია. მარტო ვზივარ და ამ მუხის მაგიდაზე, გარდაცვლილი იმედები მილაგია. ლამაზია ჯერაც მათი ფერთა წყობა, გამიცოცხლე იმედი და გამახარე. თუმც ცოდვილი მიწა მაინც არ მეთმობა, ქრისტეს ასაკს ვერ მიღწეულს დამმარხავენ. იქ მარტო მყოფს მელანდება შავ წუთებად, შენი თმების ჩემს მკლავებზე გადაფენა, შენი ცრემლის გვირილები მომწყურდება, და შენს თვალთა უფსკრულებში გადაფრენა. მე-იკარუსს, ფრთა დამიდნა მზესთან ფრენით, დავეცი და ზღვას გულმკერდი მივაგებე, ქარია და გეფიცები ვხედავ შენი წამწამები ფოთლებივით შრიალებენ. თხის მატყლისგან შემოკერილ კარავს ვიბნევ, ქანაანში, იასრიბში ვავლებ ხაზებს... რა ხანია გამიტაცა, მეც მომხიბლა, ამ სიკვდილის დემონურმა სილამაზემ. მე ვიცი, რომ არ გავქრები დაბერებით, რა მძიმეა, სული დამრჩა ნამეხარად, თვალებიდან ამოსჩქეფდნენ ღამეები, მკლავებიდან სიმარტოვე დამეღვარა. საიდუმლო სერობაზე ვზივარ ზეცად, ქარი კლდეებს ურახუნებს ღრუბლის ტიკებს. ხორცი -პურად, სისხლი ღვინოდ გადამექცა, მერე სუფრის მეინახედ დავურიგე. აღარ დამრჩა, აღარც ხორცი, აღარც სისხლი, ეს ლექსებიც ცივ ღამეში დავიყვირე. აღარ დამრჩა, აღარც ხორცი, აღარც სისხლი, და შენს ტუჩზე ერთ წვეთ ცრემლად გავიყინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი