***
ჩანს ევას გველი ტყავნაცვალი, გატყავებული, და ჩანს ადამი ევასაგან მოტყუებული, ჩანს იეშუა ლურჯი ტანით ჯვარზე ვნებული და მოციქულნი თავდახრილნი ჩაფიქრებულნი. ჩანს ოცდაათი ვერცხლი ღმერთზეც გაღმერთებული, ჩანს ამირანი გოლიათი და დიდებული, კავკასიონის მყინვარწვერი გათეთრებული, ჩანან ხეები ზამთრის ყინვით შებეზრებულნი, ჩანს დონატელო დავითით და დიდი ტალანტით, კურაპალატიც ჩანს და მისი ბილწი ღალატიც, ჩანს საქართველოც, ისიც ნინოს ჯვარზე ვნებულა, წმინდა მეფენიც მის პირისპირ ჩამწკრივებულან, ჩანს რუსთაველი და წიგნსა სწერს ჩვენთვის უმთავრესს და ჩანან მღვდლებიც წიგნს უწვავენ იგივ რუსთაველს, ჩანს ბედისწერის შავი წრე და შავი წრეწირი, გურამიშვილი ჩანს ქვეყნიდან გადახვეწილი, ჩანს საქართველოს ბუნება და ბაღის ფათალო, ბესიკის -ანა და ბესიკის- "ტანო ტატანო" ჩანს პირამიდა ტკივილის და საჰარას გემო, ტატოს "მერანი" აფრენილი ცხრა მთვარის ზემოთ. ჩანს ალაზანი, მტკვარიც ჩანს და მოჩანს რიონიც, "ნიკორწმინდაზე" მოფიქრალი გალაკტიონიც, ჩანან ტყეები, ჰო ტყეები, ტყეები უღრან, ხეები ლადოს ჭლექიანი სიკვდილით სწუხან. მოჩანს წერაქვიც მიწისკენ რომ რკინწვერი მიაქვს და ჩანან ძვლები, ანუ ჩანან ზეზვა და მზიაც და ამდენ ცრემლში, წმინდა ნინოს ჯვარზე ვნებული და ამდენ დარდში მარიამის ჯვარზე ვნებული და ამდენ ქარში ქეთევანის ჯვარზე ვნებული, დგას საქართველო, ვერდაცული კვლავ ქართველთაგან, დგას საქართველო ქართველთაგან მოტყუებული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი