ასეთ წვიმაში პოეტები იბადებიან


წვიმაა ეს, თუ სველი მირაჟი, 
ლომისფაფარა მწვანე მთებია, 
ისე წვიმს ახლა, ასეთ წვიმაში, 
მწამს პოეტები იბადებიან 
და ელავს ზეცა ხმალთა კვეთაში, 
ქარის დედაბერს ელვა აგიჟებს, 
თბილისის ღამე მიდის მცხეთისკენ 
და მეფეების საფლავთ აბიჯებს. 
ეს წვიმა არის დღეს მეფე ლირი, 
შვილებზე დარდი გულში შთენია, 
ყველა ხატის წინ დამდგარა მწირი 
და მხარზე ლოცვა შეუფრენია. 
ქუჩიშიც ძაღლი მოძრაობას ნელა, 
წვეთები ცვივა ნელი რიალით. 
წაშალა ვიღაც უცნობმა ხელმა, 
ვანგოგის ზეცა ვარსკვლავიანი. 
ზღვის დედაბერი მოსულა ქარი, 
ისეთი ბრძენი, როგორც თაგორი. 
ადიდებულა წვიმებით მტკვარი 
და მოწამეთა თავებს აგორებს. 
ფარფატებს ზეცა უფსკრულის პირას, 
შიშით ევსება თვალის უპენი 
და ფიროსმანის დახატულ ჟირაფს 
ჩამოსჯდომია რქაზე ღრუბელი. 
წვიმაა ეს, თუ სველი მირაჟი, 
ლომისფაფარა მწვანე მთებია, 
ისე წვიმს ახლა ასეთ წვიმაში, 
მწამს პოეტები იბადებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი