აბსურდული ლექსი, ანუ დეგრადირებული 21-ე საუკუნე
21-ე საუკუნის დედაც ვატირე; ვირტუალური სივრცეების გაჩნდა ნატურა. სადაც ფურცელი "ვორდმა" შეცვალა, კალმისტარი კი - კლავიატურამ და სინამდვილე - გამოგინილმა. თანამედროვე მიღწევების დედაც ვატირე, მანქანის კვამლით და ქიმიურ იარაღებით, ამ გამურული საუკუნისა. ცივილურობის სახელით, სადაც ბეტონის ტყეებს ხის ტყეები მსხვერპლად შეწირეს და ვარდის სუნზე მეტად უყვარათ - სუნი შანელის და არომატი. დეგრადირებულ ამ პლანეტის დედაც ვატირე, და როგორც ძველ დროს… მე კვლავ ქაღალდის მოგწერ წერილებს. მერე რა, თუ კი ტატო არ გყავარ და არც შენ მყავხარ - ეკატერინე. ასე რომ, ახლა ვარდს გაჩუქებ, ნაცვლად შანელის შენ კი... კვლავ წიგნში შეინახე, როგორც თილისმა. მე იმედი მაქვს, რომ შენ გამიგებ და სიყვარულის გამოვლინებას არ მომინათლავ პრიმიტივიზმად. დედა ვატირე მე ყველა ფორმის ვირტუალური გამოვლენისა, და თუ გვეღირსა, წამო მელისა, ხო, ბანალურად, ანწლის ქოხი ტყეში დავიდგათ. აქ ჩაგიხუტებ, აი, მარცხნივ მკერდის არეში. ყოველ სიტყვასა და ქმედებაზე მე შენ ჩაგხედავ ჩემი მზეებით გამთბარ თვალებში. ამ ვირტუალურ სივრცეს გავექცეთ, სადაც ჯერ კიდევ სიცოცხლე ფეთქავს, მელისა. სადაც ჩვენი შვილები ფეხშიშველები ირბენენ ღამით და არ იქნება მათი ფილტვები ამოვსებული მანქანის შხამით; მანქანის კვამლით. და არ შეწყვეტენ ბუნებასთან კავშირს არასდროს, "კოკაკოლის" და "ფანტის" მაგივრად, ფოთლის პეშვიდან წვიმას შესვამენ. წარმოიდგინე ეს სურათი რა ლამაზია? ეს ფანტაზია... ჩვენ იქ შევხვდებით სულ სხვანაირ კაშკაშა მზეებს. ჰო, ჩვენ გავექცეთ ქალაქიდან ბეტონის ტყეებს, საშინელ ქალაქს, ამ ჩონჩხის ქალას, ძალზე გაბზარულს. პოზიციიდან ანგარების ჩვენ რომ გვაფასებს. გწამდეს; აქ ის ადგილია, უნებლიეთ თუ ნებსით, სადაც გოგოებს სული აღარ სურთ; იხიბლებიან აიფონ ექვსით. ჰო, შორს გავექცეთ მთელ ამ საგიჟეთს. ხომ ხედავ, ახლაც მოუთმენლად როგორ ვილევი, იმ მომავლიდან ხელს გვიქნევენ ჩვენი შვილები. ხოლო ამ წერილს, სანამ ბოლო წერტილს დავუსვამ, კვლავ ლირიკული გადახვევის მცირე პაუზა; მინდა გვახსოვდეს, მე კარგად მახსოვს, მჯერა, შენც გახსოვს ! ჩვენი გულები, რადგან ერთი გალაქტიკის ორი ვარსკვლავია, აგერ ამ წასაც, მე და შენ, ზემოდან ვუყურებთ, ზემოდან დავნათით, ტალახში ამოსვრილ, ტალახში გაჭუჭყულ დედამიწას. ამ წამსაც დროა, წეროების გადაფრენისა, მე კი. ამ ბოდვას , ამ ლექსს შენთვის კვლავ ვწერ, მელისა. ჰო, მე ხომ ვიცი, ამ ოცნებასაც, ისევე როგორც არცერთ ოცნებას, არ უწერია ახდენა, ვიცი.. და მერამდენედ, აღარც მახსოვს ღმერთს ვეკითხები: რადგან უნიღბომ ცრემლი მოვასწრო; რა იქნებოდა, რომ ყველაფერი არ ყოფილიყო ასე უაზრო?! ხომ ვთქვი, რომ ვიცი, ამ ოცნებასაც არ უწერია ახდენა ბოლოს, ჩემს სხეულს ვუყურებ - სულის აეროდრომს. მე თავს აღარ ვიკლავ, მხოლოდ ისღა მწამს, რომ უნდა დაველოდო, უნდა მოვითმინო როგორმე, მელისა. რადგან ვერ ვიტან სუიციდზე გაგიჟებულ ფანატიკოსებს. რა მადარდებს? ის, რომ ჩემი არსებობით, სხვას წავართვი საშუალება, რათა უფრო მეტი ჟანგბადი ესუნთქა. მხოლოდ ერთს გთხოვ, ჩემთან იყავი, მხოლოდ ცოტახნით, სანამ ეს ცხოვრება მორიგი რომანივით გადამიკითხავდეს და სიკვდილის კუთხეში მიმაგდებდეს მიღმა ყურადღების. ისე, ნუ შეგეშინდება; რადგან ეს ტექსტი გრძელია, ჩემი სიცოცხლე კი მოკლე. და რომ გარდავიცვლები, უსაშინლესად გეხვეწები, შენს გულში ჩემზე ტკივილის ისედაც მოფამფალებულ კბილს ნებისყოფის ძაფი ჩააბი და ისე, რომ წამითაც არ დაფიქრდე მაგრად გამოქაჩე... მე კი, ვიცი, მაინც არ დაგივიწყებ არასდროს, და როგორც პლატონი ამბობდა, ჩემი კეთილი სულიც გაფრინდება თავის ვარსკვლავზე და იქიდან დაგხედავს ყოველთვის, როცა ღამე დაწვება ჩუმად შენი სახლის წინ მაინ რიდის ულამაზესი კვარტერონივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი