არსებულიდან არარსებულში


წამო გავიქცეთ ყველაფრიდან :
ჩვენი თავიდან, ჩვენი სახლიდან, ოთახიდან, ყვითელ მთებიდან, 
ჩვენი კანიდან და დავიწყოთ სადმე თავიდან, 
გალაქტიკიდან, სამყაროდან, პლანეტებიდან,
შორს, ძალიან შორს წამიყვანე სადმე ცხადია, 
გამხადე ტანზე სისხლიანი ხორცის პერანგი, 
მაყურებინე, შორს მზეები როგორ ჩადიან, 
სადაც ზღვა არის და ვარსკვლავთა არქიპელაგი 
და ჩავუძახოთ ყველაფერი დიდ, შავ ურნაში, 
მოვშორდეთ: სახლებს, წიგნებსა და ტელევიზორებს... 
რომ აღარ ჩავდგეთ არასოდეს დროის ბრუნვაში, 
სადაც ყოველთვის აყროლებულ ნიღბებს ვიზომებთ. 
წავიდეთ სადმე ,სადაც ქრიან შავი მერნები, 
წავიდეთ სადმე, აღარ მინდა მე აქ დარჩენა, 
იქნებ, მოეშვას დაწყვეტამდე მყოფი ნერვები, 
რომ ჩაიძიროს სიმშვიდეში სული ამჯერად. 
გთხოვ წამიყვანე სადმე ,სადაც არ არის ვერცხლი, 
სადაც სიკეთის ოქრო ბრწყინავს ყველგან უკლებლად, 
სადაც ეშმაკით, ჯოჯოხეთში დანთებულ ცეცხლით, 
ვერცერთი ღმერთი უკვე ვეღარ დამემუქრება. 
იქ წამიყვანე, სადაც გზები აღარ ტირიან, 
სადაც მზეები არ გლოვობენ ღამის დადგომას, 
იქ წამიყვანე ,სადაც ფუტკრის თაფლზე ტკბილია, 
ყოველ ეოსზე ლურჯ თვალებში უფლის აღდგომა. 
იქ წამიყვანე, საფლავები სადაც არ არი, 
სადაც იზრდება სიმშვიდეში სხივი კოპიტად, 
სადაც არა ჩანს დახეული სულის ალამი, 
არარსებულში წამიყვანე არსებობიდან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი