*** (ნ. ბარათაშვილს)


მოგვაგონდება ახლა "მერანი",
"სულო ბოროტოც" რა ფერებს გვფენდა...
რა ბაირონი! ბარათაშვილი
გამოხატავდა მსოფლიო სევდას!
ჰო, ტატოს "მერანს" როცა კითხულობ,
ხვდები, რომ გრძნობას ვერ გაუძელი...
ისეთი დიდი ენერგიაა,
ლამის აფეთქდეს მართლა ფურცელი.
ვიცი, მე ვიცი, ბარათაშვილო,
რა ჯოჯოხეთის ცეცხლით ეწამე.
ამიტაცებენ "ქარნი სასტიკნი"
და სულს ძვლებივით დამილეწავენ.
შენ გენიოსი, ხარ მარტოსული
და გამოხატავ სხვა ფერთა გამებს.
ეკატერინეს საყურის მსგავსად,
მთვარის წამწამზე ირხევა ღამე.
გუდიაშვილის ნახატით გნახე,
ალბათ ღმერთს სურდა, ლანდი შორს დადგა...
რომ არ გვენახა შენი თვალების
ღრმა უფსკრულებში სასტიკი ვარდნა.
მახსოვს, ცისფერი ფერი გიყვარდა...
გადმოჰყურებდი გრძნობის აივნებს
და ამიტომაც მე შენს საფლავზე
ვდებ ნოვალისის ცისფერ ყვავილებს.
შეუნდე ყველას, ვინც ვერ შეგიცნო...
ყოველთვის ლექსით სიკვდილს მკლავს მოჭრი.
შენს ფეხქვეშ მიწა დატორტმანებდა,
ხალხს ამიტომაც ეგონე კოჭლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი