გაუდაბნოება
თავის ქალა გამიბზარეს ბნელი ძალებით, ჰაუორტის საფლავთან სხედან ქალები, გაუდაბნოებული ღმერთის თვალებით, აკლდამებზე ცრემლებად მოწანწკარენი. ცხოვრებისგან არ ველი კეთილ ფოკუსებს, და ვატმანის ქაღალდზე ვხატავ: კროკუსებს, ფურუსულებს, მიმოზებს, ლამაზ მაჩიტებს, იაკობი არ ვარ და ნურც ღმერთს მაჭიდებთ! ჟანგბადი მსურს თქვენგან მე მცირეოდენი, მიჰქრის ლანდო, მაცვია მთვარის ლოდენი... ფიქრკენტავრებს მითიდან შენკენ მოვდენი, იასამნის შიშველ ბუჩქთან დაგელოდები. მაუდგადაფარებული წინ დგას მაგიდა, ზედ დევს ჩემი იარაღი, მეტი რა მინდა, ისევ უნდა გავიქცე ჩემი თავიდან, ტყვიით გზები გავკვალო არარაიდან. და დღეს მაგ შენს ვარსკვლავმკერდზე კოცნით ვხელდები, ხვალე რაღა... საფლავისფრად დაგიბნელდები, ზონა შიდაკალენდრული_ ჩვენი ოთახი, ზედ მთვარეზე მოცურდება, მხოლოდ ცოტა ხნით. ჩემს საჭეებს შიში მართავს, თვალი აბლანდა, დარკონვილის კატა კნავის მხატვრის საფლავთან და აბორგებს ჩემს ძარღვებში წითელ სატანას, სიცოხლე ჰგავს ამ კნავილის მსგავს სულთათანას. თუ დამხატავ ამ ყოფაში, მოკლულს ძაღლივით, აჰა, ფუნჯი ბოტიჩელის, ტილო- აკრილი. აღარ მინდა მაგ ამურის მწარე ისრები, სახლის გვერდზე მოჩანს კენკრა სინგურისფერი. თავის ქალა გამიბზარეს ბნელი ძალებით, ჰაუორტის საფლავებთან სხედან ქალები, გაუდაბნოებული ღმერთის თვალებით, ჩემს მკლავებზე ცრემლებად მოწანწკარენი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი