კვლავ ჩემი სევდის რთველში გპატიჟებ


მაშინ ყოველთვის შენკენ მოვიწევ,
როცა ცუდად ვარ,ანდა მოვიწყენ
და ჩემი სული,ღმერთის მსახური,
შენს ვარსკვლავზეა გამოსახული.
შენა ხარ,თითქოს,წმინდა ხახულის
მონასტერი და შორს დანახული
ლურჯი ყვავილი,სუფთა,ცინცხალი,
ზედმოვარდნილი თორთომისწყალი.
მე მუდამ მენთო სულში კოცონი,
ათი მეწყერის სულზე მოწოლით,
მე არ მიცდია შევცვლილიყავი,
შენ სევდიანი უფრო მოგწონდი.
მე ინსტინქტურად შენკენ მოვიწევ,
როცა ცუდად ვარ,ანდა მოვიწყენ.
მე ვერ მიშველის ქრისტე და ბუდა,
ახლა ცუდად ვარ,საშინლად ცუდად.
არც ხასიათზე არ ვარ მოგების,
არც გაზაფხულზე ვარდთა მოკრეფის,
უფრო იუნგის,უფრო ფროიდის,
უფრო ჰამლეტის მონოლოგების
ხასიათზე ვარ…ასე იოლად
თითქოს  ქუჩა ვარ,ულამპიონო,
თითქოს ვარ ქუჩა უვარსკვლავებო
და თქვენ,სიჩუმის თეთრო მკვლელებო,
უნდა მატაროთ,თუკი გარისკეთ,
ჩემი ბაღისკენ,ჩემი სახლისკენ
და როგორც გალას,მეფეს ლირიკის,
მეც ვარდისფერი მინდა ბილიკი
და ვერ მიშველის ქრისტე და ბუდა,
მთელი ცხოვრება ვარ ისე ცუდად.
აქ,ჩემს ოთახში,შემოდის რცხილა
და მთვარე,მთვარე_ეს ძილის გუდა.
იმ მხარეს მინდა მუდამ და მუდამ,
სიყვარული რომ დემონებს გუდავს,
იმ მხარეს მინდა,მუდამ იმ მხარეს,
სადაც სიზმარი იხდის სიმკრთალეს,
სადაც ქალები იხსნიან ღილებს
და მოცეკვავე საყურის ჩრდილებს
თვალს ადევნებენ დარბაზში სხვები
და წვიმასავით მიხმობენ თმები
და მოცეკვავე ეს სველი თმები
მოწვიმს ირმების გაშლილ რემაზე
და ფიქრის ქვევრში დაწურულ გრძნობას
შავ ღვინოსავით ისევ შემასმევ.
მე დღეს ამნაირ ხასიათზე ვარ
და სეტყვასავით ლექსებს დაგიშენ
და ძველებურად...და ძველებურად
კვლავ ჩემი სევდის რთველში გპატიჟებ!
მიშიკო ხალიჩაშვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი