***
ადამიანი ხიდან მოწყვეტილი ფოთოლია, მადარდიანებს წუხელ საოცრად უთოვია.. დღეს ვარსკვლავები ცის დამტვრეული აკვნებია, რადგან გამვლელებს თმებში ფიფქები აკვდებიან, უცებ ინათა, აღარ კივის ტყეში ჭოტი ჩამოტყდა სიზმრით დატვირთული ძილის ტოტი. ადამიანი ხიდან მოწყვეტილი ფოთოლია, მადარდიანებს წუხელ საოცრად უთოვია.. არ გადაითოვა და ჩემშიც, რა ვქნა, ვეღარ დათბა, შენს სახლთან რომ იდგა, დღეს ის თუთის ხე მომენატრა... დამორცხვებით შენ წინ მდგარი ის ბიჭი მომენატრა, არ გადაითოვა, რა ვქნა, ჩემშიაც ვეღარ დათბა, სოფლის კამეჩები საღამოს ღრუბლებს იცოხნიან, ის სახლი მომენატრა, სადაც არასდროს მიცხოვრია, ის გოგო მომენატრა, რომელიც არასდროს არ მყოლია, დავდივარ სულით, სახეს რომ წააგავს ნაყვავილარს. გორაზე რომ დგას, იმ სახლს ვუყურებ ანტენიანს, დღეები კი არა, ახლა იმედები ღამდებიან. ყვავის ბახალა ვარდება ბუდიდან ცივ ღელეში, გაუცრელ თიხისგან გამოძერწილი კაცი ვტყდები, ღმერთო, შენს ხელებში. ადამიანი ხიდან მოწყვეტილი ფოთოლია მადარდიანებს იმ ღრუბლებს ჩემშიაც უთოვია..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი