ტირანი
ტკივილის ქარია კვლავ სულის რტოებში, გულს დიდი ხანია, არავინ ახარებს და სანამ მე ვკვდები ჩემს სიმარტოვეში, მთავარი ტირანი ზეციდან ხარხარებს. ჩემს შემოდგომაში კვლავ ჯოჯოხეთი სჩანს, რომელსაც უგრძესი ფორმა აქვს სპირალის და სანამ საკუთარ ხორცს დავგლეჯ კბილებით ზეციდან ხარხარებს მთავარი ტირანი. ქარია. ოთახში ვარ გამოფიტული. კაკუნი კარებზე... მობრძანდით ! ვინ არის ?! და სანამ ველი და არავინ არ მოდის, ზეციდან დამცინის მთავარი ტირანი. დღეს ფიქრით შავ მიწას დავთხარე თვალები და შიგნით ჩავწექი .. ეს იყო ფინალი და სანამ ყვირილით იოგებს ვიგლეჯდი, მივხვდი რომ, ყრუ იყო ცის დიდი ტირანი, იქნება მომისწრო, მაისის ვარდებში დალანდო კუბო და შიგ მნახო მძინარი , ბაღებში შეხვდები მოწყენილ საღამოს და ქარი იქნება მაისშიც მყინავი... საფლავზე ვუყურებ მეგობარ მაგიდებს, იქ სადაც ათასი ოცნება დამიწდა, ის ხელი მომეცი ერთხელ რომ ჩამკიდე, ის ღილი მაჩუქე მკერდზე რომ აგიწყდა, ის თმები მასუნთქე ... არ არის იოლი, ის თმები მსერავნი მოჰგვანან რაპირებს, მე გავხდი შეშლილი ფრანსუა ვიონი და ჩემი ხორციდან გაქცევას ვაპირებ. მოტირალ ღამესთან გავიყოფ სარეცეს, არც ქვესკნელს ,არც ზესკნელს არა მყავს მფარველი, არავინ, არავინ ,არავინ არ მეძებს, საერთოდ არავის, არავის არ ველი და სანამ ურდულით ჩავრაზე კარები, ხომ იცი, რამდენჯერ ვიფიქრე ამ წამზე, იმდენჯერ ვითმინეთ ღამე და ქარები , რომ მთვარე დაგვატყდა ზედ ნაცრემლ წამწამზე, იანვრის ლოლო ვარ და მზემზე ვილევი, ჯოჯოხეთს ვუყურებ -ფორმა აქვს სპირალის... და სანამ საკუთარ სულს ვიგლეჯ კბილებით ზეციდან ხარხარებს მთავარი ტირანი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი