ბოლო წამს
შენ ,ღმერთო ჩემო, რატომ მაწვალებ, რატომ დამყვები გზებზე მითივით, ჩემი საფლავი მაინც მასწავლე, რომ ზედდამხობილს წამსკდეს ქვითინი, შენ ყველა სვეტი გამომაცალე, რკინის ბუდეში ჩამსვი ჩიტივით, ჩემი საფლავი მაინც მასწავლე , რომ ზედდამხობილს წამსკდეს ქვითინი, თავზე მეყრება ღამის ნაცარი, აღარ მაქვს ძალა ხორცის ზიდილის, ჩემი საფლავი მაინც მასწავლე , რომ ზედდამხობილს წამსკდეს ქვითინი, მივდივარ გზაზე იქვე ვეცემი და ზანზარებენ სივრცის მინები, მალე ლეგენდებს გადავეცემი და ბოლო წამებს მივეყინები, აქ, ჩემს თვალებში, გადმოსულ ნავებს, მოსდევს წვიმა და სველი ალერსი, მემილიონედ ჩამაკვდა ღამე, მტირალი ღამე აქ ,ჩემს მკლავებში. შუბლზე სიბრაზე ყვავივით მაზის, მოვკვდი თუ არა, დარდით არ ვარჩევ, მოულოდნელად გავხდი ოტელო და საცოდავი მთვარე დავახრჩე, ირგვლივ ზანზარებს სივრცის მინები, მივდივარ გზაზე და კვლაც ვეცემი, მალე ბოლო წამს მივეყინები , მალე ლეგენდებს გადავეცემი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი