დრო გაიღვარა სისხლის წვეთებად
თვალები შენი შავი ავაზით, თვალები შენი შავი და დიდი, მიწაა ცაზე უფრო ლამაზი, მაგრამ ცა არის მიწაზე მშვიდი. ტყუპისცალები მიდიან -დღენი, შენს ხერხემალთან ჩანს ვნების ღელე, იმ ბნელ შუკებთან მოჩანან ხენი, ჩვენს სიყვარულზე ლამაზად მღერენ. დგანან ხეები ქარში, ურჩები, გადაათეთრა თოვლმა უშგულთან, მე ახლაც მახსოვს შენი ტუჩები, როგორ კრთებოდნენ კოცნის უფსკრულთან. ვენეციელი მე ვაარ მავრი, ძალა რომ არ აქვს ამ ხორცის ზიდვის, ტირილი მინდა გრიგალზე მძლავრი, ყვირილი მინდა წარღვნაზე დიდი, მე ნასიზმარალს სიჩუმე მეცვა და ზებუნებრივს ვკარგავდი ძალებს, სადღაც შენს თმებში ყვინთავდა ზეცა და იღლიასთან გკოცნიდა მთვარე, ჩემივე ძვლები ვლეწე კალოზე და აღარაფრის მინდა კეთება, რადგან შევნიშნე ჩემს სამყაროზე, დრო გაიღვარა სისხლის წვეთებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი