მე ნაწყენი ვარ


რას შრიალებენ ხეები ფიჭვის, 
დგას მოწყენილი თეთრი ყვავილი,
 მე გეუბნები ,რომ ძლიერ მიჭირს ,
შენ კი ამბობ, რომ ესეც გაივლის.
 ქარს თავს არასდროს უხრიან მთები, 
მიტაცებს ფერი ცისფერ აივნის, 
მე გეუბნები, რომ ვკვდები, ვკვდები...
 შენ კი, მპასუხობ: "ესეც გაივლის" 
არ ვიცი, ზუსტად ამ გულში რა მჭირს,
 ტყვიის მსროლელი ყვავილს არ მესვრის, 
მე ნაწყენი ვარ, ღმერთზეც და კაცზეც 
და სამყაროზეც რატომ არ გესმის? 
მე გავითენე ღამე კანკალით, 
ძლივს გავათენე, მაგრამ რა მექნა,
 თითქოს, მკერდიდან შიგ ხერხემალში 
გამერჭო დარდი და შიგ ჩამემტვრა.
 შენ გეფიცები, სიცოცხლეს მოვრჩი,
 სურნელს ვეღარ ვგრძნობ თეთრი ყვავილის, 
მიშველე მეწვის სულიც და ხორციც, 
შენ კი მპასუხობ: " ესეც გაივლის"
 არა, ძვირფასო, შენ ძლიერ ცდები,
 გული სიცოცხლეს ვეღარ გაბედავს,
 ვერ ამწვანდება ხელახლა მთები,
 აპრილი კვირტებს ვეღარ დაბერავს,
 თუ ჯოჯოხეთშიც არსებობს მთები,
 ავალ იმ მთაზე, მართალი გითხრა,
 და ჩემს გულს მაღლა სამოთხეს ვესვრი 
და მის სიცისფრეს შევღებავ წითლად. 
არა ძვირფასო, შენ ძლიერ ცდები,
 შენ შორს დარჩები, მე ცრემლს ვევნები, 
ვერ ამწვანდება ხელახლა მთები, 
ვერ იყვავილებს სულში ტყემლები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი