მონის ბორკილი
ბნელ სიჩუმეში გაისმის ლოცვა და ღმერთის ძარღვში სისხლისფრად შეჭრა, მე მიყვარს ქარი, მე მიყვარს ელვა და წვიმაც, თითქოს, ეს არის ხვეწნა... რა ლამაზია მტირალი ძეწნა, საფლავთან დგანან თეთრი ქალები... სევდიანია სტრიქონი, როგორც ყელგამოჭრილი ირმის თვალები. იქ, ჩემს სოფელში, შველი დაფეთდა, იქ გულყვითელა იდგა წიწილა, გუშინ სიზმარში გული აფეთქდა, გუშინ სიზმარში ცრემლმა იწვიმა. აღარც სამშობლო, აღარც ოჯახი და აღარც სახლი სადაც მიწვები... გაყიდულია, სულიც, ველებიც და ხორბლისფერი ვრცელი მიწებიც, რა მწარე არის ეს დანაცრება, რწმენა როდესაც წყდება ფოთლებად, სიცოცხლე არის მხოლოდ გაძლება, ცხოვრება არის მხოლოდ მოთმენა, წაიღე მხოლოდ ერთი ფურცელი, ანუ მელანი, გრძნობის პეპლები... შორს პლანეტები ჩამოივლიან, როგორც ფერადი მატარებლები და შენ მათ ცეცხლში დაიფერფლები... რომელიმეში ადი და წადი, გადაიარე ყველა საზღვარი, ამ პლანეტაზე ვეღარ იქნები ბედნიერებით მხნე და მაძღარი. რადგან მავანნი ისევ გლანძღავენ, გიწევს ატანა ფურთხის და ნერწყვის, წადი შორს , სადაც მარადისობა და სილამაზე ერთმანეთს ერწყმის, შენს სხეულს ელის კვდომა და დაშლა, სულს ღრუბლებისკენ ელის აწევა, რაც თავი გახსოვს სულ გინდა წასვლა, დაბადებიდან გინდა გაქცევა... წადი და მხოლოდ წაიღე სული, როგორც გრიგალი, როგორც ორპირი და ბილწ მიწაზე დატოვე ძვლები _ გადამტვრეული მონის ბორკილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი