ტაძრის კარებთან


მე ვარ მდინარე, თუმცა არ მსურს მუდამ ვიდინო, 
მინდა გავიქცე ყველა მთიდან, ყველა ომიდან,
 მოდი დროულად ევასფერო ,ჩემო სიკვდილო,
 ამომათრიე საკუთარი არსებობიდან, 
მე ვარ საკლავი მიყვანილი ტაძრის კარებთან,
 მე ვარ აბელი, კაენობა ვეღარ გავრისკე, 
შორს ყვავილებით მოქარგული მიქრის კარეტა, 
ორანჟერეის დედოფალი მიჰყავს მთვარისკენ.
 არც წვიმა მოდის, აღარ ცვივა აღარც ფანტელი, 
არ მახსოვს დიდმა წინაპარმა რა დამიბარა...
 როგორ უყვარდა ამ ჩემს ხელებს ეგ ჟრუანტელი, 
შენიდან ჩემში ქურდულად რომ გადმოიპარა.
 შენ დაიმშვენე სულ სხვა კაცთან შენი ქალობა,
 მაინც ვერასდროს მოიხადე ჩემი სახადი, 
მე ვარ: სიზმრები, ოცნებები და რეალობა, 
მე ვარ მაქს ერნსტის ჯადოსნური ერთი ნახატი,
 თუმცა ვარ კაცი, ღმერთის ტვირთი მინდა ავზიდო, 
არაგვის პირზე თავს მოჭრიან მხედარს შაოსანს, 
შენ ტირილისგან გაგიტყდება სარკე სამზითვო, 
მე კი, საფლავში ჩამატანენ "ვეფხისტყაოსანს"
 ყოველი ღამე მომაკვდავი გედის კვნესაა,
 მინდა რომ სული სხეულს არა- ციხეს გავყარო,
 ჩემი ლექსები დამიჯერე მხოლოდ ესაა -
 ელექტრო სკამზე მიჭედილი ჩვენი სამყარო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი