მე ვარ...
მე ვარ კეისარი, მე ვარ იულიუს, მკერდში ჩაცემული ბასრი მახვილით, დაე, ეს ფოთლები ქარმა მიურიოს და შენ ამოიცნო ჩემი ძახილი, ღმერთო შემიწყალე, მერე შემიყვარე, ყელში ამიყვავე იასამანი, ბოლოს მაპოვნინე სადმე ჩემი მხარე და მზეც - ცეცხლისფერი პეტრეს მამალი. ღმერთო, დამიარე, მოდი დავიღალე, მიტევს ეს გრძნობები - ურდო მონღოლთა, როგორც ყრმა იესო, ხელში ამიყვანე დამავიწყებინე ჯვარიც, გოლგოთაც, ნახე, ეს კაცები, როგორ გაიაფდნენ, ღმერთო, ჩემი გული სისხლით დაცალე, თორე რა გაუძლებს ამდენ კაიაფებს, ასჯერ და ათასჯერ ჯვარზე გაცვამენ, თმერთო, ამ ბულბულის სტვენას იდიოტურს, ყვავი მირჩევნია მე ჩემს საფლავთან, სადაც მტვრიან ნაძვის დიდი გირჩებია, ვხედავ, სიკვდილთან რომ სიცოცხლე ჩაფლავდა. მე ვარ კეისარი, მე ვარ იულიუს და ვირგილიუსის ყველა შიშები, დაე, ეს ფოთლები ქარმა მიურიოს, ხვალე ცეცხლისფერი მზიდან ვიშვები. ჩემი სხეულიდან ყველა ტკივილები, სიზმრად გადაშენდა ჩემს დიდ თვალებში, ბაღში იასამნად ისევ ვიკრიფები, მიმზერს ტრაგედიის მამა- თალესი, მიმზერს საშინელი ისრის გამოსროლით და თვალთაგან სცვივა მკვდარი ყორნები, მე ხვალვე მოვკვდები, რადგან დავიღალე, რადგან დავიქანცე და ვერ შევყოვნდები, როგორც მდარე პროზა, ისე შევმოკლდები... და დავწვამ თვალების ფიტილებს. ცუდია, უკვე მკვდარი თუ მოვკვდები, კარგია ქალი თუ გიტირებს... და ქალის ტანი, როგორც გიტარა, ცახცახებს, ცახცახებს, ქვითინებს, ცუდია, მკვდარი თუ კიდევ მოკვდები, კარგია ქალი თუ გიტირებს... თოვლი ვარ, წვიმა ვარ, თოვლი ვარ, წვიმა ვარ, გრძნობებით, ხელებით, გულით და გონებით, მე ვარ იულიუს, დამტვრეულ გვირგვინით, დალეწილ ტახტებით და მკვდარი მონებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი