ქარის ალერსს


ოჰ, გეფიცები ამ ქარის ალერსს 
და იასამნებს -სიცოცხლის მცველებს,
 გაუხარებლად დახუჭულ თვალებს,
დაუსვენებლად დაკრეფილ ხელებს... 
რომ ვხედავ ზოგჯერ დიდ აფეთქებას 
და იხოცება ყველა, ჩემს გარდა. 
დადის ოთახში სულის ფეთება, 
სიზმრის ბუშტს ხეთქავს სხივი ეკალთა 
და მესხმის ოფლი, 
თითქოს, ზღვა ღელავს 
და მე ვფხიზლდები სხივის ალერსში 
და დარდი უცდის თვალის ახელას, 
ჩაძვრეს და სიღრმე ზომოს თვალებში 
და ღრუბელივით შემოდის დარდი, 
მერე ჩემს სულში თოვლიანდება, 
იყო დრო, როცა ღმერთივით მწამდი 
და სიყვარულის მთებზე განთებად... 
ზოგჯერ არც თოვლი, 
არც ხმაა წვიმის, 
მზეც არ იმეტებს სხივების ალერსს, 
ასეთ დროს ვნატრობ, შენს დაღლილ ღიმილს
 და შენს ხატივით ჩატეხილ თვალებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი