ასკეტის ლექსი
თრთოდა ფოთოლივით ქარში ჩემი სული, ჩემთან სიცივეა! ჩემთან არ მოხვიდე. შენი თვალებიდან დილა იბადება, როგორც ზღვის ქაფიდან_ ლურჯი აფროდიტე. ისევ სევდიანობს ჩემი ღამეები, ვეღარ გავარკვიე სევდის გენეზისი. შენში ყველაფერი ისე ლამაზია, როგორც ამ მეწამულ ცათა ესთეტიზმი. ჩემთვის ყველაფერი ახლა სულერთია, მაგრამ შენ რომ იყო, სევდას წალეკავდი. იცი როგორ მცივა, მხრებზე მოვიხურე, ისევ ვერცხლისფერი მთვარის პალეკარტი. ჩემი ოთახი კი... მცირე უდაბნოა, სადაც მივიცვლები ერთ დროს ასკეტივით. როგორც შენ არა ხარ, ისე უდაოა, გული ურდულებით დამაქვს ჩაკეტილი... ჩემთვის ყველაფერი ტანჯვის მიზეზია, ვარდიც უწყინარი, სევდის მოტივია. ეჰ, რომ მივიცვლები, უხეშ მზრუნველობით, სადმე ჩამმარხავენ, როგორც მოდილიანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი