ფიქრები წვიმის დროს


წვიმს,
ოცნებაშიც არ ჩანს ედემი,
წვიმს და გადმოდის სულის ჯებირით..
წვიმს სასაცილოდ ხტიან წვეთები
არისტოფანეს "ბაყაყებივით"
მე რომ ფოთოლი ვიყო მუხისა
სულს სანამ დარდი გამიგუდავდა,
ქარს ავყვებოდი, შორს ,
ძალიან შორს
და მერე სივრცე შემისრუტავდა...
თუმც სული მუდამ არის მწუხარი, 
მსურს წვიმის წყალის პეშვით დალევა,
მე ვარ უცეცხლო ერთი ბუხარი,
მწყურია ცეცხლი და აალება.
ჩემი ცხოვრება- პოსტრაგიკული,
პოს მიმზიდველი საშინელება..
ბედნიერება, ისიც არ ვიცი,
ფურცელზე როგორ დაიწერება,
დარდიც კი, უკვე დადარდიანდა,
წვიმაში ვუმზერ ავტომანქანებს,
საშინლად მინდა ჩემი სხეული
აიწიოს და მაღლით განქარდეს.
მე ფანტაზია მაქვს უსაშველო,
ალბათ, ეს დამყვა 
დაბლით თუ მაღლით,
შენ მომეფერე;
კვლავ თერმოპილეს, 
კვლავ სალამინის, 
კვლავ კულიკოვოს 
ბრძოლებით დაღლილს,
(ვიღაცას ველი , ის კი არ მოდის)
დემონმა ან და კაცმა შერისხა,
ცრემლი თვალიდან ვეღარ გამოდის
და არტერიებს ბერავს წნევისგან,
ეს კიდეც გითხრა, არ არის სრული...
მთა წვიმის მერე შენისლულია,
მაქვს კვაზიმოდოს ალალი გული
და ესმერალდას ცეკვა მწყურია,
კაფკას მსგავსად, 
ან ვირგილიუსის,
მეც მსურს რომ დავწვა ,რაც დღემდე ვწერე,
დანაგვიანდა ათასი ფიქრით
ხორცში ძარღვების გაჭრილი ღელე,
მსურს, უცებ დავწვა ,
რაც დღემდე ვწერე.
მერე? 
მერე კი იფიქროს მერემ,
ხიდი კი ,სადმე სხვაგან გაიდოს,
ვუმზერ საკუთარ გულის მარანში:
ცრემლის, დარდის და რწმენის აკიდოს,
ჩემი მიწაა ვრცელი და სველი,
როგორც ფიქრები, ან და გრძნობები,
დახურულია სცენა და ფარდის
შიგნით ტირიან მსახიობები,
წვიმს,
ოცნებაშიც არ ჩანს ედემი,
წვიმს და გადმოდის სულის ჯებირით..
წვიმს სასაცილოდ ხტიან წვეთები
არისტოფანეს "ბაყაყებივით"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი