ანდერსენის ზღაპარი


ვარ ანდერსენის ლურჯი ზღაპრიდან, 
გამომყვა ლექსი კოშმარულ ბედად, 
მე ის მახინჯი იხვის ჭუკი ვარ, 
რომელიც ვეღარ იქცევა გედად. 
მოდი, უბრალოდ ჩემთან დაჯექი, 
არ მსურს აყრილი ფიქრი ვალაგოთ, 
დავსხდეთ ჩვენ ორნი და როგორც წინათ ,
 წყნარად და მშვიდად ვილაპარაკოთ, 
მე ვიცვლებოდი: ქრისტეც ვიყავი, 
იუდაც, 
დანტეც, 
ნიცშეც, 
პილატეც, 
ხედავ ამ ფოთლებს ქარის ტალღებზე? 
მინდა ამ ფოთლებს ვსდიო დილამდე. 
აქ მოფიქრალი კაცი ცოდოა, 
მეც მინდა ვგრძნობდე ვარდის სურნელებს,
 ბედნიერება ღმერთმა ამ ქვეყნად 
არგუნა მარტო მხოლოდ სულელებს.
მინდა, რომ ჩემთვის მხოლოდ შენ იყო. 
იქ, სადაც შენ ხარ, 
ქრება ღალატი. 
აქ ღამეს მხრებზე მთვარე აცვია, 
როგორც პაციენტს გიჟის ხალათი.
რას დავაკვირდი იცი დილიდან? 
მთვარე ჩამოდგა ჩუმად ჩინართან, 
მერე ისკუპა, როგორც ავაზამ 
და შენს ხშირ თმებში გაუჩინარდა. 
დღეს საწოლიდან როცა დგებოდი,
 გეზარებოდა გახელა თვალის, 
ჩამოგივარდა თმებიდან ღამე 
და ერთ ღერ შავ თმად დაეცა ბალიშს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი