ქვირითობა აქვთ მზეებს თვალებში..
ქვირითობა აქვთ მზეებს ზეცაში, ქვირითობა აქვთ მზეებს თვალებში, მე შენ შეგწირავ ღვინოს ზედაშით, ყოველთვის მინდა შენი ალერსი და ემოციის მაგვარ გრიგალებს, ატრიალებენ ქარნი ლაჟვარდში, შენს სხეულს, თხელსა და სიფრიფანას, მე მოვიტაცებ თეთრი ფაშატით. შენს ტკივილს, სულში ამოღამებულს, შენს მკვდარ იმედებს შენზე უადრესს, მე ახალ სუნთქვას შევძენ სამების, ახალ სიტკბოს და ახალ ჟრუანტელს. მოდის ღრუბელი, როგორც ექთანი, მადებს შუბლზე ხელს, მიზომავს სიცხეს და შენი კოცნის ტკბილი ნექტარი, შემოდის სულში და ბორგვას იწყებს. შენ არც კი იცი, როგორ გელოდი და ვწერდი ტანკას დარდით გალეშილს. ასი ათასი ქარი შენს სახელს იმეორებდა ყოველ ღამეში, მელანდებოდი , როგორ ან კიდე... რა იდუმალი მძიმე ძალებით, მე შენს შავ თმებზე მთვარეს დავკიდებ, რომ გაანათო შენი თვალებით. შენ დაგერქმევა დღეიდან ჩემი, ჩამოერთმევათ ძალა სატანებს, ჩემი სხეულის მთრთოლვარე გემი, შავ მორევებზე გადაგატარებს, ტრაექტორიით ოცნების მხარის... გავიგებთ მუდამ ქარის ტერციას, ჩემს ჭრილობიდან ამორეცხ მარილს, ჩააქრობ სევდას და ინფექციას... მე შენ შეგწირავ ღვინოს ზედაშით და როცა მინდა შენი ალერსი, ქვირითობა აქვთ მზეებს ზეცაში.. ქვირითობა აქვთ მზეებს თვალებში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი