მგლების ყმუილი


მთიდან მოისმის მგლების ყმუილი,
მზის ქალწულები მორბიან ზღვიდან, 
არ გავჩენილვარ ,არა, ტყუილად, 
მეც სააკაძის გენია მზრდიდა. 
ქარნიც ქცეულან მგლების ყმუილად, 
ხენი მოჰგვანან ფოთლისფერ კუნძულს... 
არ გავჩენილვარ, არა ტყუილად, 
მე ქეთევანმა მაწოვა ძუძუ.. 
ბახუსი მუდამ კახეთში ქროდა, 
უმძიმეს მერმისს გული გვიგრძნობდა, 
ჩვენ ფარნავაზის ანბანი გვქონდა, 
ერეკლეს ხმალი წინ მიგვიძღოდა,  
რითმით ვიჭერდით გრძნობის კომეტებს, 
ატმის ყვავილის ყლორტიც ვყოფილვართ, 
შოთაც გვესტუმრა, როგორც პრომეთე 
და პოეზიის მადლი მოგვფინა. 
საქართველოში ჩავაქვითკირეთ: 
ცრემლები, სისხლი, რომელსაც მივდევთ, 
ჩვენ ღვთისმშობელთან ერთად ვტიროდით, 
მაღალ ჯვარიდან ჩამოხსნილ ქრისტეს. 
ჩვენ საქართვლოს გამოზრდილნი ვართ, 
მისი სახელის და მისი ჯიშის, 
ჩვენ წიწამურში მოვკვდით ილიად 
და უკვდავების პეშვებში ვიშვით. 
ჩვენ ჩავწვდენილვართ წარსულ სიღრმეებს, 
მტკვარსაც უნახავს ჩაძირვა ტივის, 
ქართული სისიხლი ბევრჯერ იმღერებს, 
განწირულების ქედუხრელ ყივილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი