უშფოთველი გულით


შენს თვალებში ამოვძირკვე ტანჯვის ვენახი,
 მინდოდა, რომ უშფოთველი გულით მენახე.
 შენ წახვედი, 
მაპატიე მეც გულგრილობა, 
შენი ლურჯი სავარცხელი ვერ შევინახე. 
შავი ფერი თეთრ ფერს როცა გადაერევა,
 მოცურდება მზე- ნანატრი ბედნიერება 
და გაჩნდება შენს თვალებზე მსხვილი ცრემლები, 
როგორც სულის უფსკრულების ამოხველება.
 გაილია, 
უცებ გაცვდა, 
თეთრი ხაზები, 
გთხოვ საკუთარ თავში ნუღარ ჩაირაზები, 
შენ შორსა ხარ, 
მაგრამ მაინც ახლოს მოდიხარ 
ჩემს ფიქრებში და ახლოდან მელამაზები. 
აი, ჩემი ნისლისფერი გრძელი ხელები, 
შენი თეთრი ხელებით თუ შეეშველები... 
და შორს გყავდეს სამუდამოდ დაუკარგავში,
 ამაზრზენი ორფეხები- ფილისტერები. 
შენს თვალებში ამოვძირკვე ტანჯვის ვენახი,
 უშფოთველი გულით მსურდა რომ დამენახე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი