შემოქმედი


პოეტო, ასეთი რა დაწერე, 
მითხარი ასეთი რა დაწერე,  
რომ სამოთხიდანაც გაგაძევეს, 
რომ ჯოჯოხეთიდან გაგაძავეს, 
რომ სიცოცხლიდანაც გაგაძევეს 
და შეგრჩა მარტოდენ ღაღადისი, 
რომ სიკვდილიდანაც გაგაძევეს 
და საით წახვიდე აღარ იცი... 
შენა ხარ ლამაზი განიმედე, 
შენ ახლა ვერარა გაიმედებს, 
პოეტო, ღმერთები შეირიგე, 
იქნება, ღმერთებმა წაგიყვანონ, 
იმ ღვთიურ ოლიმპზე მერიქიფედ. 
შენა ხარ მტვრიანი სარკოფაგი, 
შენა ხარ ეგვიპტის პირამიდა, 
თვალიდან სათქმელი ამოხაპე, 
სულიდან წვიმები ამოხაპე
და სატრფოს მიართვი ყვავილები, 
ლამაზი ვარდები შირაზიდან. 
პოეტო, სიკვდილი ვნებიანი, 
სიზმრად რომ ხედავდი მთელი ღამე, 
ეს ქარი იმ სიზმრის ფრთები არი, 
პოეტო, სიკვდილი შეიყვარე, 
ლამაზი ქალივით შეიყვარე, 
შორს მერე ქანაანს მიადექი 
და აღთქმულ მიწაზე შეიყვანე. 
ეს ყველა წმინდანმა გიქადაგა, 
გაფრინდი, გაფრინდი მიწათაგან. 
დატოვე სიცოცხლე ნესტრიანი, 
დატოვე კედლები ნესტიანი 
და ციხე დატოვე დაქცეული, 
გუშაგი უფსკრულში ჩაქცეული, 
ნუ შიშობ ტანჯვას და გამოცანას, 
მოთიბე ბალახთა ბოლო ხედი, 
თვით ნათლისმცემელმაც გამოცადა, 
უთავოდ ყოფნა და ჯოჯოხეთი, 
პოეტო, ლექსები ფრთებად დაკარ, 
გაფრინდი გაფრინდი მიწათაგან. 
გაფრინდი აქ, აბა, რა გაკავებს, 
აქ მხოლოდ ნაბილწი ტაძრებია, 
იქ, სადაც, კუდით და ანაფორით, 
ქაჯნი და ეშმაკნი დაძვრებიან 
და ისმის სიყალბე ვედრებიდან, 
გულში კი, მლიქვნელებს იხუტებენ 
და ტაძრის ნესტიან კედლებიდან, 
წმინდანნი შემკრთალნი გვიყურებენ, 
გწადს ჯაჭვის პერანგის ამოკერვა, 
ისრებს და მახვილებს შეწირულო 
და მზეთა ყოველი ფოტოსფერო 
და მზეთა ყოველი ქრომოსფერო 
და მზეზე ყოველი ამოფრქვევა, 
შენს ტვინში ფეთქდება ზეციურო. 
პოეტო, ცისტოლა ფრთები დაკარ,  
გაფრინდი, გაფრინდი მიწათაგან. 
ასეა მიწის და ცის მარიამ, 
ცხოვრება და ტანჯვაც ყისმათია, 
აქ მდარე ტალახიც კისრამდეა, 
ჭრელია, ჭრელია ის მანტია, 
რომელიც ტყეებმა მოიხურეს, 
გზებიც კი, ჩვენს მკერდზე გადადიან, 
ტკივილით ბეჭებში მოვიღუნეთ... 
პოეტო, ასეთი რა დაწერე, 
ასეთი მითხარი რა დაწერე, 
რომ სამოთხიდანაც გაგაძევეს, 
რომ შენი თავიდან გაგაძევეს, 
რომ შენი სიცოცხლე გადაწერეს 
და მალე ვარსკვლავთა ტახტრევანზე, უგრძნობს და უსულოს დაგაწვენენ... 
პოეტო, ზღვის ღელვა მოგეწება, 
ზღვის ღელვა მარგალიტს გაგახსენებს, გაფრინდი, თორე ცა მოგეწევა 
და აპოკალიფსით დაგასველებს. 
ეს ყველა წმინდანმა გიქადაგა, 
გაფრინდი, გაფრინდი მიწათაგან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი