რუტინა


ეს შენი სუნთქვა დაორთქლილმა ფანჯრებმაც იგრძნეს, 
მზე ამოდის და კვლავ მთვარესთან რაღაცას დავობს, 
თავის ქალიდან რიჟრაჟისას გადმოღვრი სიზმრებს, 
დააშრობ მერე შავი ღამის გიგანტურ ჭაობს,
 შენ გრძნობ მდინარეს, დუმფარების შუაში მიქრი, 
უნდა დაწერო კვლავ ის, რასაც ვერ აღწერ ენით,  
აგედევნება კვლავ დილიდან წურბელა ფიქრი,
 რომ არა ღირდა თეთრი ფურცლის გათხაპნა მელნით. 
დილიდან თავთან საკუთართან რაღაცას დაობ,
 მიფრინავს მაღლა გადაჭრილი ყელი და სისხლი. 
არ ამოვიდა დღეს დილიდან მზე მთების ზემოთ 
და სველ თვალებზე უნებურად იხატავ მზის სხივს...
გახედავ სივრცეს: ქუჩა არის, ხეები, სახლი, 
შენ ვერასოდეს ვერ ამოხსნი საკუთარ შობას,
 რატომ მოხვედი, ან ხეები რათ გჭვრეტენ დაღლილს, 
რათ აერია დასახული გზა ამ ძველ კომპასს.
 ახლა დილაა, 
რუტინაა, 
გადიხარ მაგრამ, 
არ იცი, საით წახვიდე და ჩერდები წამით, 
მზეც, თითქოს, ღმერთის სანთელივით უეცრად ჩაქრა, 
შენ ხარ ვალეტი, გულმოჭრილი აგურის დამით.
 ოღონდ მითხარი რათ იყავი ასეთი კარგი,
 ვიცი, ეს წლებიც გაიფრენენ, 
ფრთოსან რაშებად, 
ყველაფერია არაფერის სამძიმო ბარგი 
და ღვთისმშობელი შველს შენს გულში ეთამაშება. 
ტვინის ქერქიდან გადმოხვეტავ გამომხმარ ფოთლებს, 
სანამ ვისწავლი: 
გახარებას, სიარულს, სუნთქვას, 
ჩემს მთელ სხეულზე საშინელი სიცივე მოთვლემს 
და ჯოჯოხეთის ცეცხლოვანი ნესტოთი მთუთქავს. 
დღეს შენი სუნთქვა დაორთქლილმა ფანჯრებმაც იგრძნეს, 
მზე ამოდის და კვლავ მთვარესთან რაღაცას დავობს, 
თავის ქალიდან რიჟრაჟისას გადმოღვრი სიზმრებს, 
დამიშრობ ისევ შავი ღამის გიგანტურ ჭაობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი