ქარის ქაოსი


მოვიდა ქარი, როგორც ჩემი ძვლების ქვითინი 
და დამანახა ღვთისმშობელის წმინდა ლუსკუმა, 
ქარო, ჩემს ტანზე სეირნობდი მთვარის მითივით, 
შენ ხომ ღრუბლების საუფლოდან ჩვენსკენ ისკუპე. 
მწყურიხარ ქარო, ჩემი ფიქრი შენკენ მოგორავს 
შენც ჟრუანტელი გენატრება წარსულ კოცნების, 
ოსლოს ქუჩებში დგას ფორთოხლის ერთი გოგონა 
და არაფერი არ ადარდებს, გარდა ოცნების. 
ზოგჯერ ღაწვებზე მოგედება ყაყაჩოსფერი, 
დაქრი ჭალაში ტანწერწეტა მაღალ არყების, 
შენ შრიალს შავი ღამეები ისევ ისმენენ, 
დახვალ ღამით და მთვარის ქუჩებს დაღმა დაჰყვები... 
ქარო, ფიქრების ყინულოვან ჯავშანს ატარებ, 
ხარ აქერონი- მწუხარების დიდი მდინარე, 
სადა გაქვს ბოლო იცი, მაგრამ სად გაქვს სათავე, 
თითქოს, აწმყოში დაკარგული შენ ხარ წინარე... 
ლურჯი ურჩხული როცა გიღრენს შენ-ბასილისკო, 
ანწლის ბუჩქებში იმალები გაფითრებული, 
შენ საშინელი უფსკრულების ნახვა გარისკე 
და პეტრეს მსგავსად თავდაღმა ხარ ჯვარზე ვნებული. 
ხარ განთიადი, ფრთებს ისველებ ნაკადულებში, 
დაანგრევ კოშკებს ,რაც ქვიშაზე არის ნაგები 
შენს ცივ შრიალში მონაზვნები იმარხებიან, 
მიწის ქარქაშში თუ სიცოცხლის ხმლებს ჩააგებენ. 
შენ შეგამჩნია სავსე მთვარემ ძალიან თეთრმა,
(გემის კიჩოსთან ნებივრობდი ამღვრეულ წყალზე)
და მას უნდოდა ,მისთვის შენც რომ რაღაცა გეთქვა, 
დღეს გულმოკლული დაერქვა და მაღლიდან დაგმზერს.
ჰანუმანი ხარ ქარო- მეფე მაიმუნების,
 წყლის უფსკრულებში დღეს ვეშაპნი უნდა აშმორდნენ, 
ხმელეთისა და ზღვის ჭიდილი მარადიული 
და ქვეწარმავლის მაგიური კლაკვნა გაშფოთებს 
და იასამნის აღგზნებული ყვითელი კვირტი, 
გაშლილა შენ წინ კვლავ გულისებრ ფორმის ფურცლებად, 
შემოდის უცებ საიდანღაც ლამაზი ბინდი, 
რომელსაც შენში მთვარის თეთრი გული უცემდა. 
ეს ყველაფერი შენ შრიალით ადრე იწამე, 
შენს ფრთებზე ბევრჯერ დედოფალი ვარდიც დაიხა... 
ადამიანთან კვლავ წარმავალ რჩები მიწაზე, 
კოსმოსში ფრინავს მარტოდმარტო ძაღლი ლაიკა. 
შენ გულს დააგებ უმწარესად ფიქრზე ნალესზე, 
მეტეორებმა მქისე ცეცხლით შენში იწვიმა, 
თუ ამხედრდება შესაზარად შივა ხარებზე, 
შენ ფრთებდამწვარი გადახტები დედამიწიდან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი