ვერმოკლული ივერია
ხედავ ქვეყანას ორ ზღვას შუა, ეს არის ჩემი ივერია. პოეტებს თოვლისფრად დაათენდათ, აქ ლექსი სიკვდილზე ძლიერია. აქ ტოტებს ფოთლები ჩამოწყდებათ და მერე ბევრი რამ აირევა. ცეცხლისფერ დემონთა შავი წყებაც დომინოს ეფექტით დაინგრევა. უშბაზე დალი გაჰფენს შავ ნაწნავებს მთვარეზეც მოქმედებს ღვინოსავით. გუშინწინ ტაბიძე გადმომხტარა, კიბის ქვეშ მომკვდარაო ფიროსმანი, დუქანში დარჩენია ნახატებიც, ვერ დათვლი ბოლომდე იმდენია. ეს არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და ჩვენი ჯვარცმული ივერია. ბახუსი მტკვრის პირას ადღეგრძელებს იმ ვარსკვლავს, რის პოვნასაც ვცდილობდით, გაუცრელ თიხისგან გაკეთებულ დოქში ჩამოსხმული ღვინოთი. ეს არის ჩემი ივერია, გინდ გულზე ტკივილი დამიზვავოს, თუ კი არ მიყვარდეს დედასავით, მკერდს მომხვდეს ტყვია სამირზაო. მზე გდია, სვანურ ქუდივით და აქ ლექსიც სიკვდილზე ძლიერია, ქვეყანა რომ მოჩანს ორ ზღვას შუა, ისაა ვერმოკლული ივერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი