ბედნიერების დონიდან დაბლა


მივდივარ სადღაც, 
თუ სად არ ვიცი, 
მივდივარ სადღაც ფიქრ-ვაგონებით, 
ვარ მოშხამული უბნელეს ტანჯვით, 
ვარ მოშხამული ზღვის დრაკონებით. 
მე დავიბადე და ვერასოდეს 
ვერ მივაღწიე სიცოცხლის საზღვარს, 
შავმა ღრუბელმა წვიმის დესანტი, 
დაე, ჩემს დაღლილ სხეულზე დასხას. 
ვარ გატანჯული და არასოდეს არა ვარ ნაზი, 
არ ვარ მოვლილი, 
დარდის მზე აჭერს, მაღალ თეთრნულდზე გაუხარელი ვდნები თოვლივით, 
ბედნიერების დონიდან ახლა 
ვარ შესამჩნევად და ძალზე ქვემოთ 
და ჯოჯოხეთის ხმაური მესმის 
და კოშმარებში ჩამესმის ექოდ, 
ჩემი ტანი და ჩემი საფლავის 
მიწა ვიღაცამ უკვე გაზომა 
და ანბანიდან ამოღებული თანხმოვანივით არვის ვახსოვარ, 
ვარ უსასოო და უბინაო, 
ისევ ვბანაობ საკუთარ ფიქრში, 
დგანან ტყვიები, ჩემთვის სასროლი, 
უსასტიკეს და უგრძელეს რიგში. 
მე მეშინოდა ძალიან დიდხანს , 
ბოლოს დავკარგე შიშის უნარი, 
ბოლოს დავრწმუნდი, რომ არ ვცოცხლობდი 
და არც ვიყავი გასამტყუნარი. 
მინდა, რომ ჩემთვის ჩრდილად გამოდგე, ანთიხარ სანთლად არ მიქრები, 
შენი სხეული არის სამოთხე, 
სადაც მე ჭრელი ჩიტი ვიქნები. 
დაბერილი აქვთ ღრუბლებს ჯიქნები 
და მალე წვიმის დადგება ნისლი, 
მე ვარ პრომეთე, 
შენ მოხვალ ჩემთან, ზევსის სასტიკი წყევლისგან მიხსნი, 
თეთრი მთვარიდან გამოვა ეტლი 
და შიგ იჯდება ჩემი სიზმარი, 
ვარ უიმედო, 
ჩამოქცეული ციხესავით და მქვია ხიზანი,
 მქვია ასკეტი, ყველა ასკეტზეც 
მარტო ვარ ახლა და სევდიანად, 
წვიმა ამიყვანს სველი მკლავებით, 
მთელი სხეულით, ანუ მთლიანად, 
გადამცემს მერე უდაბნოს ქარებს, 
კვლავ ქვიშის ზღვებზე სახეტიალოდ, 
დაე, ვიტანჯოთ დაუსაბამოდ, 
ოღონდ ამ გზებზე ერთად ვიაროთ. 
ირგვლივ ღამეა კვლავ უცნაური, 
ჩემი სულიდან ამოსროლილი, 
მე არასოდეს არა ვარ ნაზი 
და არასოდეს არ ვარ მოვლილი, 
წევს ჩემი სული ნახნავ მიწაზე 
და მზეების ქვეშ დნება თოვლივით. 
მივდივარ სადღაც, 
თუ სად არ ვიცი, 
მივდივარ სადღაც ფიქრ-ვაგონებით, 
ვარ მოწამლული უბნელეს ტანჯვით, 
ვარ მოშხამული ზღვის დრაკონებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი