*** (უშენოდ ანუ უმზეოდ დავრჩი)


უშენოდ ანუ უმზეოდ დავრჩი
და მკვდარი ფიქრი მიცხელებს კეფას,
შენს ნაცვალად ახლა სხვა დადის ბაღში
და დილის ცისფერ ყვავილებს კრეფავს.
უშენოდ ვდგავარ სარკმელთან ახლოს,
ამ დილას თითქოს სუნი აქვს მაჭრის.
აპრილიც მოვა ლურჯთვალა მზერით
და ზეცას მერცხლის კუდებით დაჭრის.
შენს მერე გული სხვა ფიქრებს მიყავს,
ოცნების ფითრი ედება ხეებს,
ნახევრად ვცხოვრობ, ნახევრად მიყვარს
და ჩუმი სევდით ვაწუხებ დღეებს.
უშენოდ ანუ უმზეოდ დავრჩი
და მკვდარი ფიქრი მიცხელებს კეფას,
შენს ნაცვალად ახლა სხვა დადის ბაღში
და დილის ცისფერ ყვავილებს კრეფავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი