თანამედროვე ფიროსმანივით


თანამედროვე ფიროსმანივით
ვცხოვრობ უაზროდ,
დრო ნერვებს ჭიმავს...
და მე ვუყურებ შენს თმებზე ღამეს,
როგორც ფოთლებზე დაღუპულ წვიმას.
ისე, ფიქრებში... თორემ აქ სად ხარ?!
ხომ მიერთგულე ბოლომდის ლამის.
ჩემ გვერდზე თვითონ მე მიჭირს ყოფნა,
რადგანაც ვგავარ მოჟამულ ამინდს.
ისევ ღამეთა შავი შაბლონი,
ისევ დღეების თეთრი რუტინა.
იმ საფერფლესაც, შენ რომ მაჩუქე,
ვეღარ შევეხე წეღან უტირლად.
თავის ქალაზე ტყვიის ნასხლეტი
შემრჩება, როცა დავხუჭავ თვალებს.
რაც შენ წახვედი, მე ვარ ასკეტი,
ვუმიჯნურდები უდაბნოს ქარებს.
ცხოვრებამ ცოტა გამაბოროტა,
აბელის მსგავსად დღეს ვგავარ კაენს.
ვიწრო ოთახში ვსუნთქავ ყოველ წამს:
სიკვდილით,
სისხლით გაჟღენთილ ჰაერს.
ეშმამ წაიღოს ეს პოეზიაც,
ტკივილი როცა საზარლად მიტევს!
მამშვიდებს, როცა სოფელს ვიხსენებ,
ანდა ბებიის დაკოჟრილ თითებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი