ფიქრობ და თბები
დაგინთე ყვითლად ეს ჭადრები ტიტანთა სიმსხო, დევების მკლავით გადაგიდგი ნისლულა მთები, კანში ჯინივით ჩაკეტილი სულიდან მიხმობ, ხმელა გრძნობებთან დაჯდები და ფიქრობ და თბები, ჩამოგეღვარა მირონივით მხრებამდე თმები, იასამნების ირონიით ისწორებ, კეცავ... თხელკედლა ლარნაკს მივახატე ლამაზი ზვრები, მოვედი, პეშვით მოგიტანე კამკამა ზეცა. ეგდო ღვთისმშობლის ნაწნავივით მოთეთრო ღამე, ჭაღარა გვენთოს დაღვრილ თმებზე, დრო მოვა როცა, მომადე თავი... ვიოცნებოთ ათასი რამე... თვალების ქორებს გავატანოთ ღმერთამდე ლოცვა. მარტის მზეები ბავშვებივით დარბიან სულში და აუტანელ სიმარტოვეს ადგილს უცვლიან. ფოთლის მუცლიდან დაიღვარა სიჩუმე გუშინ, გუშინ სიჩუმე დაიღვარა ფოთლის მუცლიდან. დევების მკლავით გადავცურე ქარები... მთები... დაგინთე ყვითლად ეს ჭადრები ტიტანთა სიმსხო ხმელა გრძნობებთან დაჯდები და ფიქრობ და თბები, კანში ჯინივით ჩაკეტილი სულიდან მიხმობ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი