საკუთარ თავს
სადღაც წავიდა შენი წაწალი, შენ კი გაფრინდი თეთრი მთვარისკენ. შენ ვერც სიცოცხლე ვერ მოასწარი და ვერც სიკვდილი ვეღარ გარისკე. ახლა ბოლთას სცემ და ნერვიულად, კვლავ ფრჩხილებს იკვნეტ თეთრი კბილებით. ღამე გავა და გათენებისას სახლიდან გასვლას დაეპირები, მარტოობაა, ქვიშა, უდაბნო... დაშვებული გაქვს დაბლა ხელები, დაშვებულია დაბლა ფარდებიც და დაგცინიან ფილისტერები. აღარც კი იცი, იფიქრო რაზე, ან ვინ გიყვარდეს გრძნობის არიით, მიჯაჭვული ხარ ცხოვრების მთაზე გულდაგლეჯილი ამირანივით, თუმც ღმერთს არასდროს შერკინებიხარ, მხოლოდ საკუთარ თავს ერკინები და აპათიის ათასი კენჭით, ჩატეხილი გაქვს თვალის მინები, ვეღარც არწივობ და ვეღაც რაშობ და არცერთ წიგნში არა წერიხარ და ურანოსის სისხლისგან ნაშობ ერინიების დიდი მტერი ხარ და ბედისწერის მაღალ ციხეში, გამაგრებულა დიდი ტკივილი. ზიხარ და გესმის ხმა ცივი ქარის, ზიხარ და გესმის მუნკის კივილი, ვეღარ იჯერებ , რომ ესეც გავა, სევდიანდები ძლიერ შოპენით, ისევ მოწვეთავს მთებიდან ლავა და ისევ იწვის სულის პომპეი. იჯექი ასე, როცა იგრძენი ქარის ობობის ქსელის მოდება და ღამეების ქუჩა უგრძესი, ჭაში ჩავარდნილ მთვარის გოდებად. ზიხარ და რაღაც მოგაგონდება, ბევრ რამეს უკვე ვეღარც იგონებ, ღრუბელი შავად დაგიღონდება და მთელი ღამე წვიმად იგორებ. ძველზე ფიქრობ და არ ელი ახალს, გინდა რომ სულ სხვა ეპოქა დადგეს და მონალიზას ღიმილში მარხარ, ყოველგვარ დარდს და ყოველგვარ სათქმელს. გინდა ფანჯარა გაჭრილი ცაში, თუნდ სამოთხემდე , ანუ უსაზღვროდ... დაე, იფეთქოს, იფეთქოს გულმა, იფეთქოს, დაე, თუნდაც უაზროდ. ბედია შენი ფიქრი და მოცდა, რადგანაც იმედს ასე ვშოულობთ და ტრაგედიაც ისაა ,როცა უაზრობაში აზრს ვერ ვპოულობთ. შენ იბადები ჩემი ცრემლიდან, ეს სევდა მაინც ვერ დამიშალე, გადამტვრეული ჩემი ძვლებიდან, წვეთავდეს შენი თმების სიშავე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი