თვალების საიდუმლო
ჩემში სამყაროს ვიტევ ნაღვლიანს , კბილებს ისინჯავს დილა სარძევეს. შენი სხეული თბილი სახლია, მე საიდანაც გამომაძევეს. შენი ხელების თეთრი ჰამაკი, მე მესიზმრება დილა ადრიან, შენი თვალების სიღრმე დამაკლდა და შენი მოსვლაც ახლა მადლია, ჩემს დარდს ვერ ვშველი ღვინის დალევით, ველი, არ ვიცი ოღონდ , რას ველი, შენი ღიმილიც, შენი თვალებიც, საიდუმლოა ამოსახსნელი. არ ველოდები, არა ცხონებას, წავალ და ლელოს ვეღარ გავიტან, თუ ასე რთული იყო ცხოვრება, რათ არ მითხარი ესეც თავიდან. მახსოვს, რაც მითხრეს შენმა თვალებმა, რა მაგრძნობინეს მახსოვს ტკივილით, მე დასერილი თეთრი მთვარე ვარ და უფსკრულებში მივალ კივილით. იასამნები ტოტებს მახლიან, დილა კი, კბილებს აჩენს სარძევეს, უფალი ჩემთვის ლურჯი სახლია, მე საიდანაც გამომაძევეს, ვიღაცა ფიქრობს , რომ ვცოცხლობ ვითომ, არ ვიცი, ვის ვინ რა დაუბარა, ყოველღამ თითო, თითო და თითო, ფეთქდება ტვინში ერთი ყუმბარა. მკლავებდაჭრილნი ტირიან ხენი, ფოთლებს იქნევენ ხანაც ტკივილით, გაღებულია სიკვდილის ბჭენი, მივექანები შიგნით კივილით. მესმის ქვითინი ისევ თარების, ვეღარ აკოცებს ვიცი, გულს სხივი... და ახლაც ხსოვნა შენი თვალების , გადამფენია ძვლებზე სუსხივით. მე სულზე მხოლოდ ტკივილი მენთო და ნელა ნელა ასე დავიწვი, ეს ჩემი ბრალი რატოა , ღმერთო, შენ რაც მომეცი მე ის ჩავიცვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი