თვალებიდან


სიზმრებმა რომ თვალებიდან გადმოთოვა,
 ქარი გაჩნდა მეფური და დიდებული,
 სამრეკლოსთან მტრედი ტირის თავდახრილი 
და ნისკარტი კედლისთვის აქვს მიდებული.
 ღამე მოვა და შავ ვარდად გაიშლება 
და გულიდან მთვარეები ითოვებენ 
და ისინი, ვინც მიგაჩნდა მეგობრებად,
 დღეს ხედავ, რომ თავსაც აღარ გიტოლებენ. 
ცხოვრობ შიშის ამ ჭლექიან ხველებაში,
 დიდ უფსკრულში იჩეხები, 
ზიხარ ნავში... 
პლანეტები გედებივით გამოცურდნენ,
 შენს თვალებში და კოსმოსის ღია ზღვაში.
 საკუთარი თავის ზიდვის ძალა არ მაქვს,
 გადაგტეხეს, ხარ სიმინდის ერთი ტარო,
 გეხმარები, 
რომ სხეული აითრიო 
და სიკვდილის ნაპირამდე მიიტანო.
 ამოვიდა მზე და სხივი ისე წმინდა...
 მთელი ღამის გათენება ამად ღირდა...
 შენს თვალებში ჩავარდნილი სიზმრებიდან, 
ვარდისფერი ფრთებით დილამ ამოყვინთა. 
ამ ტკივილში და ამ შიშში ისე გაშრი,
 საკუთარი სულის ფსკერზე დაიძირე, 
ამ საყდართან ხვალ იესოს ლურჯ ფრთას გაშლი, 
გაეხვევი შიგ და მაგრად დაიძინებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი