წამიდან უსასრულობაში


სიცოცხლე წამია, სიკვდილი კი_ უსასრულობა. ჩემო ოცნებებო, როგორ შორს დარჩით, ადრე რომ გაბრწყინებული თვალებით გიღიმოდით, ახლა ისე გიყურებთ, როგორც ნახევრად მძინარე მათხოვარი ახედავს ხოლმე მოკიაფე ვარსკვლავებსა და მიუწვდომლად ეჩვენება. გატეხილი ჯვარი ვარ, რომელზეც არავინ აღარ ლოცულობს, დამშრალი ზღვა ვარ, რომლის სანაპიროზე არავინ აღარ ისვენებს, ძაღლი ვარ, რომელიც პატრონმა დატოვა სადღაც ტყესთან, რომ უკან გზა  ვეღარ გაეგნო. ყველაზე მეტად კი, მაინც უდაბნო ვარ, რომელსაც კოშმარები მიეჩვია მირაჟებივით, უდაბნო სადაც ფიქრის და ტკივილის დიუნებია. ისევ საკუთარ თვალებში ვიხედები და ვერაფერს ვხედავ, ისევ საკუთარ სულში ვიხედები, სადაც მდინარეს ვამჩნევ, სადაც ისევ დაჩეხილი და მოკლული ბედნიერება გდია და დინებას მიჰყვება, სიცხისაგან მკვდარი თევზივით. ბედნიერებას, რომელმაც მეტამორფოზა განიცადა და  უბედურებად გადაიქცა, გაუდაბურდა. ღამდება. ხელში ვიღებ კალმისტარს და ხელი მიკანკალებს, უფრო და უფრო მეტად მიჭირს ასოების გამოსახვა, ეგვიპტურ იეროგლიფებში დანახული გაუგებრობა ვარ, რომელიც ვერაფრით ამოვხსენი. საშინელება ის კი არ არის, რომ ციხეში ვზივარ, საშინელება არის ის ,რომ სამწუხაროდ დავკარგე ყოველგვარი სურვილი თავისუფლებისკენ სწრაფვის. ახლა იშვიათად გაიგებთ ჩემს ხელებზე მიბმული ჯაჭვის ხმაურს, რადგან ამ ბოლო დროს, სიჩუმეში მარტო ცრემლები ხმაურობს, რათა სულიდან ამოიტანოს ტკივილის გავარვარებული ალმასები და მერე  იატაკზე დაამსხვრიოს უცნაური რისხვით. ნიკა ტურბინასავით ჩამესმის ხმები და ფურცელს ვეძებ, რომ გადავწერო. ვიღებ კალმის ტარს და ხელი მიკანკალებს, ვიხედები მთვარისკენ და მზერა მიცრემლისფერდებ- მიმთვარისფერდება.. ვიხედები სულში და ვერაფეს ვხედავ. ვრჩები მომწყდეული ნადირივით, რომელიც დანებდა და თავი დახარა მუხლებისკენ.. მუხლებისკენ, საიდანაც ისევ წარსულის ჩანჩქერი ამოხეთქილა , შიგ კი, მოჩანს ტკბილ-მწარე მოგონება: ბავშვობა, გაზაფხული, აყვავებული სოფელი, სახლი სოფელში, ეზოში ბებო, მისი დაკოჟრილი და მზეზე თბილი თითები, რომელიც ხშირად მაგონდება, მისი სიყვარულისფერი თვალებიც, რომელიც ასევე ხშირად მაგონდება... გარშემო ციხეა, საკანში ტკივილია და საკნის მიღმა უიმედობა. მე ხომ ვიცი, ასეთი დარდი წერტილს ჰგავს, რომელიც ბოლოსდაბოლოს უნდა დასვა შენი სიცოცხლის დაისში. ყელთან რაღაც გიჭერს და ძარღვები გებერება, მერე ისევ ღრმად სუნთქავ, რომ როგორმე პოეზია მიაწოდო ფილტვებს. მაინც ფიქრისფერდები, ფიქრში ჩანს სახლი, სახლიდან იხედება მოწყენილი დედა და ხელს გიქნევს თავისკენ, შენ კი, ისევ ჯიუტი ბავშვი ხარ ,  ისევ ჯიუტი... ამიტომ მაინც მიდიხარ, მიდიხარ სადღაც, განუსაზღვრელი ტრაექტორიით. მიდიხარ მაგრამ წასვლა არ გინდა, თუმცა არც დარჩენა შეგიძლია.. ადამიანის თვალები ზღვა ყოფილა დაუშრობელი, თვითონ ზღვებიც კი, ამ პლანეტის აცრემლებული თვალები ყოფილან. მიდიხარ სადღაც და ღამის ყრუ სიჩუმეში, მხოლოდ შენი ნაბიჯების ხმა გესმის, მაგრამ იმდენად სუსტი, რომ ფიქრს ვერ აფხიზლებს. თითქოს, გავარვარებულ კომეტას ჰგავხარ, რომელსაც დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისთანავე ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ უბედურება ის კი, არ არის, რომ მიწისკენ ვარდნა და ჩაქრობა გიწერია, მთავარია რომ რომელიმე სახლს არ დაეცე და სხვა ვინმეც არ დააზიანო შენდა უნებურად. ფიქრობ ამას და მიდიხარ, ყრუ ღამის სიჩუმეში, მიდიხარ და მხოლოდ შენი ნაბიჯების ხმა გესმის. სახლის ეზოებში ძაღლები თვლემენ, ხეებიც თვლემენ, ყავილებიც და თვითონ სახლებიც.. ბედნიერება და სიცოცხლე წამია, სიკვდილი კი, უსასრულობა.  ამ წასვლასაც ასე ჰქვია _ წამიდან უსასრულობაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი