თვითმოკვდინების გზაზე


გდია ფოთოლი ამ შავ მიწაზე, 
როგორც ვან გოგის მოჭრილი ყური. 
შენ გემგოსნები, 
გრძნობა მიტაცებს,
 მინდა გამიყო არსობის პური. 
გაისმა მსხვრევა სულის მინების, 
ცხოვრება არის დარდის სამკალი. 
მე ვდგავარ გზაზე თვითმოკვდინების, 
წეღან მალარმეს "გედი" დავკალი. 
დამემსხვრა თავზე მზე და ცარგვალი, 
თვალებში მნისლავს,
 ჩემში ბინდია, 
მორჩა, დავლეწე ყველა არღანი, 
მორჩა... 
მე უკვე არსად მივდივარ. 
ზურგში ჩარტყმული დანები ვთვალე 
და მივიცვალე ფიქრის ზედოზით. 
მიყურებს მთვარე,
 დამცინის მთვარე,
 ნაპოლეონის ამაყი პოზით. 
იგრძნობა ქარი, როგორც მერდინი, 
ჩანს შუბლის მიწა, ფიქრების ხნულით.. 
და მონაზონის თეთრი მკერდივით 
შეურყვნელი აქვს გულს სიყვარული. 
ვინმე გიყვარდეს რთული გზა არის, 
ეს ნიშნავს დანა დაირტყა ამ წამს,
 ცეცხლმოდებული სიყვარულის ფრთებს 
თუ შეეფარვი უთუოდ დაგწვავს. 
თითქოს, ვცხოვრობ და თითქოს, ვერ ვცხოვრობ,
 ვიცი და ვიცი, არ მყავს მრჩეველი, 
თითქოს, მაქს ერნსტის გაშლილ ნახატზე, 
ვარ ერთი ფერი შეუმჩნეველი.
 ჩამოუხრჩვიათ, მკერდში გულები, 
ვინ მოადუნებს ნერვებს მოჭიმულს, 
ჩემს სევდას ფოთოლს ვეჩურჩულები, 
როგორც ვან გოგის მოჭრილ ყურს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი