ქაოსის ქისა
ტანზე მაცვია ქარის ძონძები, ხვალ საიქიოს უკუნს ვეწვევი, მალე ჯვარივით ტაძარს მოვძვრები და თეთრ კენჭებზე დავილეწები, ტანზე მზეები ვერ მივიწებე, ვერ მივაღწიე ნათელს და მიზანს, ვერც აქილევსის თეთრი ქუსლიდან, ვერ ამოვაძრობ პარისის ისარს, გავხსნი სულს, როგორც ტკივილის ქისას და ვნახავ რაც მაქვს გადამალული. იმედი მოკვდა და მინდა მხოლოდ, ვიკითხო ლექსი "დარიანული" დადიან ყველგან ჩემი ასლები, გული კი დააქვთ მოჭრილ თითივით, როგორც ფოთოლთა გულის წასვლები, თოვს შემოდგომის ძვლებზე ქვითინი. ვარდება ღამე ნაძვის წიწვიდან, მოდის ცრემლები, როგორც მხილება, როგორც ნისლიან შავი მიწიდან მიცვალებულთა ამოტირება, წუხელ სიზმრები იფშვნეტდნენ თვალებს, პაიკმა ხმალი სტყორცნა მეფისკენ და ჩემს შავ თმებში გაბლანდულ მთვარეს, გზას ვასწავლიდი ვარსკვლავებისკენ და როგორც ცხენზე შემომჯდარ მონღოლს, მოვკლავ ეჭვსა და იმედებს მივსდევ და მზე ამოდის ნათელით, როგორც შავ ჯოჯოხეთში ჩასული ქრისტე... შორს ვიღაც ქალი მიდის მერივით, ზურგსუკან ისვრის ტკივილის სარკეს, რომ აღიმართოს ტყე ისტერიით, რომ წამოეგო ხეების ანკესს. მიდის და გზებზე მკვდარ მზეებს აბნევს, მივდევ უკან და ვეღარ ვეწევი.. მალე ჯვარივით მოვძვრები ტაძარს და ცივ ტალახზე დავილეწები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი