დაბადება შიშიდან
მარტოობის შიშიდან იბადება კოშმარი, მიაჭენებს საათებს ცხენებივით დრო_ჟამი. ჩემი შემოდგომები ყვითელ ფოთლებს მესვრიან, სული დამაქვს ნაჩეხი, სულში მაქვს ეკლესია. ქუჩას მიუყვებიან ის ქალები დაზამთრულს, ჰგვანან სახლში ლარნაკებს, ტუჩმომტყდარს და გაბზარულს. მიფრინავენ დღეები, პეგასისფერ რაშებად, სულმა ვერ გადაწყვიტა, ამომდის, თუ რას შვრება... ამ ფანჯრიდან ვუყურებ ცის მოღრუბლულ ნაგლეჯებს, სხვასთან რომ ხარ, თვალები ვერ მიხვდა და დაგეძებს. ჩემი თავი შემჯავრდა ცრემლისფერი დარდებით, ფანჯრებს სიგარებივით გაუჩრიათ ფარდები პირში და თან ქარისას აბოლებენ ღამეებს, ვზივარ კისერმომტყდარი და რითმები მამღერებს. ამ მტკვარში რომ ჩავვარდე, მეც დაისის მზესავით, შენ რომ გნატრობ შენს მერე, ჩემი ნატვრა ეს არის. მაგრამ მზე კი არ ჩადის, მზე ყოველთვის ზე- არის, მთვარეც კი არ ამოდის, მთვარე მკვდარი მზე არის. ძვლებში შიში ჩამიდგა, ძვლებს აზომებს მტკაველებს და მოწყენის ჭინჭარი დამისუსხავს მთა_ველებს. ოდისევსს რომ უმზერდა შესაზარი ციკლოპი, ეს მთა ისე მიყურებს.. ზედ ნისლები ფიქრობენ... ალბათ, შენი ბრალია, ალბათ ჩემი ბრალია, ამ მთაზე, რომ ყვავილნი აღარსად არ არიან. ცოცხლებს ისე გავურბი, სიტყვასაც არ დავაცდი, დიდუბეში შემხვდება ჩემი მკვდარი ძმაკაცი, ვისაც იმ მეოცეშიც საქართველო უყვარდა, თურმე ბაბუამისიც დარდს მღეროდა ბუხართან. სიხარულის ეტლები გზებზე გადაგვიბრუნდა, გაზაფხულის წვიმებიც, რა ხანია მიყრუვდა. ვდგავარ ცივ რუსთაველზე, ბნელა, ყველგან ძილია, მორჩა, მე ვინც მიყვარდა, აქ არ გამოივლიან... ჩემი მარტოობიდან იბადება კოშმარი, მიაჭენებს საათებს ცხენებივით დრო_ჟამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი