შენობიდან უშენობაში
მარტოობით გიჟდები, მარტოობით ვგიჟდები, შენ მოდიხარ ქარებში, მერე გვერდზე მიჯდები, მქისე სისხლით ვიცლები და მზე სისხლით ვიცლები.. მცივა, შემომაფარე ტანზე კუბოს ფიცრები, ხანაც ვერცხლზე, ვიცვლები, ხანაც ფულზე ვიცვლები, ხანაც პურში ვიცვლები, ხან ნაგავშიც ვიცვლები, მე მოვდივარ ყელიდან ისევ სულში გიძვრები.. აი ,ჩემი სიზმრები, აი, ჩემი ხელები, ჩემი თავის მკვლელები, ჩემი სულის მკვლელები და შენობის უშენობაში გადამზრდელები. მთვარე ჩიტის ბარტყივით დაენარცხა მიწაზე, ავიყვანე საბრალო, დავაწვინე ფიცარზე და გავუთბე საცოდავს გაყინული ბუმბული, იყო წვიმის არია, იყო ქარის ურმული. გავწყვეტ მე ჩემს წარსულსაც, გავწყვეტ, როგორც კინოფირს, ატირდება ფიქრებში ჩემი რახმანინოვი, ეს ფოთლები სისხლია, აი, გუშინ ამ ხესთან, ჭლექიანი იესო წმინდა სისხლს რომ ანთხევდა... ჭიქაც იდგას ამ სკამზე, ასე იდგას დილამდე, ღვთისმშობელის თვალივით ღმერთით სავსე პირამდე. აღარ ვიცი ვინა ვარ, რამე კარი გამიღე, ჩემი სისხლი იშვილე, წადი და თან წაიღე და დამტოვე საწოლზე გვამი ასე უგვანი, სხვა სამყაროს ვეკუთვნი და არყოფნას ვუგალობ. აი ,ჩემი ოთახი და განცდების წრეწირი, არყოფნაზე ღაღადებს, ჩემი "დაო დე ძინი". სულ ქვითინზე ღაღადებს ჩემი "დაო დე ძინი" ამ არყოფნის ლაჟვარდებს ჩემი სული შევწირე, ვერ გიყიდე მეძვირე, ვერ გიყიდე მეძვირე, შენს თავს მეცილებოდა, შენს თავს ვერ შევეცილე. ყველა რელიგიები, ყველა ფილოსოფია, სიგიჟეა, ბლეფია , ამ სამყაროს ობია! და სიკვდილი ეს არის ამ კომიდან გამოსვლა, ხორცის ჭიდან ამოსვლა, ძვლების ჭიდან ამოსვლა. უფალს ასე შევთხოვ და უფალს ასე ვუგალობ, სიკვდილამდე მამყოფე ამ ქვასავით უბრალო, ამ ხესავით, უბრალო, ამ სახლივით უბრალო, ამ ქარივით უბრალო... უფალს ასე ვუგალობ... თვალს ვერ დაახამხამებ, ვერ დაითვლი ათამდე, რომ შეამჩნევ გავთავდი, ხომ ხედავ, რომ გავთავდი! რა დუელი გავმართეთ და გიჟური კორიდა, ალბათ, ყვავსაც ყვავებად მივაჩნივართ შორიდან, ცხოველებმაც შეგვნიშნეს ეს ცოფი და სიგიჟე, საკუთარი გულიც კი, ახლოს აღარ მიგიშვებს. ალბათ, ბედნიერებაც ის ჩიტია, იქნება, ახლოს თუ მიეკარე, ყოველთვის რომ ფრინდება, ფრთით რომ მიწა გახაზოს და შორიდან გიყუროს, თავის თავი იგულოს, შენგან შორს რომ იგულოს. შენ კაცი ხარ, მოკვდები, გულიც უნდა მოიკლას, დამთავრდება, თუ რამე შენში ჰგავდა ოცნებას. შენი ტანი ხესავით ტოტებს ვერ გამოიტანს, ის ტოტები ფოთლებით ვეღარ შეიმოსება. არც ნათესავს, არც ძმაკაცს, ზრუნვით ვისაც ვეწვალეთ, მარტო მოვენატრებით რომანტიკულ მეძავებს... ვიყო ბოროტიც და კეთილიც, ეს ჩემს გენშია, ქრისტეს სისხლიც და იუდას სისხლიც, ორივ ჩვენშია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
საინტერესოა რომანტიკულ მეძავებში რას გულისხმობ